ინფორმაციის სანდოობა, ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის მეთოდები და ინსტრუმენტები

ინფორმაციის სანდოობა. უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის პოპულარულ წყაროს, ეს სავსებით კანონზომიერია, რადგანაც ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში მოხერხებულია, მარტივია და მიაქვს გაცილებით მცირე დრო, ვიდრე დავუშვათ ინფორმაციის ბიბლიოთეკაში მოძიებას, არქივების კითხვას ან ტელევიზიის მეშვეობით მის მიღებას. ინტერნეტ–ტექნოლოგიების მუდმივ განვითარებასთან ერთად საზოგადოებაში ფორმირებულია პოზიტიური საზოგადოებრივი აზრი ინტერნეტის სარგებლიანობასთან დაკავშირებით, ხოლო ტექნიკური საშუალებების განვითარებამ და აუდიტორიის გაფართოებამ გამოიწვია ინფორმაციული სერვისებისა და რესურსების რაოდენობის სწრაფი ზრდა. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება პრეროგატივა გახდა არა მხოლოდ ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის, არამედ საჯარო მოსამსახურეებისათვის, ბიზნესმენებისათვის, კონკრეტული დარგების სპეციალისტებისათვის, კომერციული ორგანიზაციებისათვის და ა.შ. რადგან დაინტერესებული პირის მიერ ინფორმაციის თავისდროულად მიღებამ მას შეიძლება მოუტანოს საკმარისი მოგება და/ან ხელშესახები სარგებელი, ასევე კლიენტებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობამ, პოტენციური აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი რეკლამის განთავსებამ. ამ ყველაფერმა გახსნა დიდი შესაძლებლობები ინფორმაციის როგორც მომხმარებლებისათვის ასევე გამავრცელებლებისათვის. ადრე თუ გვიან ყოველი მომხმარებლის წინაშე დგება ერთი გარდაუვალი კითხვა, შესაძლებელია თუ არა დავეყრდნოთ ინფორმაციას რომელიც გამოქვეყნებულია ინტერნეტში. განვიხილოთ ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის გადამოწმების ტრადიციული მეთოდები: ფაქტობრივი მასალის შემოწმება ფაქტების გამოგონება შეუძლებელია, რადგან მისი სანდოობა მკაცრად განსაზღვრულია, ყველა ფაქტობრივ და სტატისტიკურ ინფორმაციის გააჩნია წყარო, ფაქტების სისწორის გადმოწმება და წარმოდგენილი ციფრების შემოწმება ალბათობის მაღალი დონით აჩვენებს რა ინფორმაციას ეყრდნობა საიტი. იდეალური იქნებოდა ამ საიტზე ბმულების არსებობა საავტორო წყაროებზე მითითებით. თუ საიტზე მოცემული ფაქტობრივი ინფორმაცია არ არის ზუსტი და არ შეესაბამება რეალობას, სავარაუდოდ არც სხვა მასალები იმსახურებენ ნდობას. ინფორმაციის სხვა წყაროების მოძიება. შედარება - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ჭეშმარიტების დასადგენად, ძალიან იშვიათია, როცა ერთი და იგივე არასანდო ინფორმაცია ქვეყნდება რამოდენიმე საიტზე ერთდროულად, ამიტომ თუ ერთი და იგივე ინფორმაცია გვხვდება ინტერნეტში აბსოლუტურად სხვადასხვა რესურსზე მათ შეიძლება ვენდოთ, ამასთან საჭიროა გავამახვილოთ ყურადღება ინფორმაციის პირველ წყაროზე, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამწუხაროდ არ არის იშვიათობა, როდესაც ყველა საიტი მიმართავს ერთი და იგივე არასანდო წყაროს და ახდენენ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას. მასალის სხვა წყაროების მიერ გამოყენების დადგენა. ამ თვალსაზრისით სტატიების გადათარგმნა და/ან კოპირება ერთი საიტიდან მეორე საიტის მიერ ითვლება კარგ ნიშნად, ეს ნიშნავს, რომ ინფორმაციის ამ წყაროს ენდობიან, რაც მეტია ბმული საძიებო მასალაზე ინტერნეტში, მით მეტია მისი ავტორიტეტი სხვა რესურსების თვალში და რა თქმა უნდა ეს დადებითად მოქმედებს წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებაზე. საიტის რეიტინგისა და ავტორიტეტულობის განსაზღვრა. ყველაზე მარტივი და ქმედითი მეთოდი ინფორმაციის სანდოობაში დარწმუნებისა არის იმ საიტის რეპუტაციის გაცნობა, რომელზეც განთავსებულია იგი, შეგვიძლია გავაანალიზოთ რამდენად ყურადღებით ეპყრობიან საკუთარ რეიტინგს საიტის ავტორები და გაცვლიან თუ არა მას საეჭვო სენსაციაში. საიტის პოპულარობის გაცნობა შესაძლებელია სპეციალური რეიტინგული სისტემების მეშვეობით, მაგალითად ქართული რესურსების შემთხვევაში top.ge. ასევე შესაძლებელია უბრალოდ ავირჩიოთ რესურსის დასახელება ნებისმიერ საძიებო სისტემაში (google.com, yahoo.com, yandex.ru), გავაანალიზოთ მისი პოზიცია ჩამონათვალში და წავიკითხოთ გამოხმაურებები მის შესახებ. კარგი ნიშანია თუ რესურსი ეკუთვნის ონლაინ მასმედიის საშუალებას (ambebi.ge, pirveliradio.ge, ghn.ge) მათ აქვთ შედარებით დიდი პასუხისმგებლობა გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, ამიტომ ცდილობენ გაექცნენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ზემოთ მითითებულის გარდა გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას აქვეყნებენ ასევე ოფიციალური საიტები. მასალის ავტორის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. იმისათვის, რომ გავიგოთ ღირს თუ არა დავეყრდნოთ რომელიმე სტატიას, შესაძლებელია მოვიძიოთ ინფორმაცია ავტორის სტატუსისა და კომპეტენტურობის შესახებ, არ იქნება ზედმეტი გავეცნოთ მის სხვა ნამუშევრებს, კომენტარებს და მკითხველთა გამოხმაურებებს. თუ სტატიის ავტორს გააჩნია კარგი ჟურნალისტური გამოცდილება, ღირსეული თანამდებობა ან სამეცნიერო ხარისხი, შანსი მისი დასკვნების საფუძვლიანობისა და სანდოობისა რა თქმა უნდა მაღალია. ამის გარდა ინტერნეტში კვალიფიციურ ავტორს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბლოგი, სოციალურ ქსელებში გვერდი და სხვა საინფორმაციო წყარო, რომელთაც შეუძლია შეგვიქმნას ავტორზე წარმოდგენა. ძებნა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მივუდგეთ ინფორმაციის მოძიების პროცესს, მომხმარებელს იშვიათად აქვს დამახსოვრებული ვებგვერდები, რომელზეც შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოძიება. მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმაციას იძიებს საძიებო სერვისების, საძიებო საიტების გამოყენებით (google.com, yahoo.com, yandex.ru), ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ძიების პროცედურასა და შეკითხვის ფორმირებაზე. ნებისმიერი საძიებო სისტემა ინფორმაციას ეძებს საკუთარ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ფორმირდება მის მიერ ინტერნეტში არსებული მილიარდობით საიტის გაანალიზებით, მონაცემთა ბაზაში მითითებულია საიტებზე განთავსებული მასალების შინაარსი, ბმულები მათზე და სხვა ინფორმაცია, ვინაიდან მომხმარებლის მიერ საძიებო სისტემისათვის მითითებული ინფორმაციის მოძიება ხდება ინდექსში და არა მთელს ინტერნეტში - ძებნა ხორციელდება ძალიან სწრაფად, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება იყოს მოძველებული, შეიძლება აღარ არსებობდეს საიტი, მაგრამ საძიებო სისტემა მაინც მიუთითებდეს მასზე, ამიტომ საჭიროა ინფორმაციის სხვადასხვა საძიებო სისტემაში გადამოწმება. სამეცნიერო ან რეცენზირებული ინფორმაციის არჩევა. ინფორმაცია, რომელიც აღებულია სამეცნიერო ან რეცენზირებული პუბლიკაციებიდან მაქსიმალურად სანდოა, ამიტომ შესაძლებელია მათი გამოყენება. სამეცნიერო სტატიები დაწერილია სპეციალისტების მიერ, რომელთაც გააჩნიათ კონკრეტული ცოდნა მითითებულ დარგში, ასეთი სტატიები იწერება ინფორმაციის სამეცნიერო წრეებამდე მისატანად და არა სარეკლამო, პროპაგანდისტული ან სხვა მიზნით, ამიტომ სამეცნიერო სტატიების ავტორი უნდა წარმოადგენდეს მაღალი კლასის სპეციალისტს, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მაღალი სანდოობის დონით. საკმაოდ მარტივია სამეცნიერო და არასამეცნიერო სტატიების გარჩევა ერთმანეთისაგან, თუ სამეცნიერო ინფორმაცია ქვეყნდება დაინტერესებული წრეების ინფორმირებისათვის - არასამეცნიერო პუბლიკაციები შეიძლება იყოს ინფორმაციულად გადატვირთული, მაგრამ იგი ქვეყნდება ძირითადად გასართობი მიზნით, ხოლო სამეცნიერო ინფორმაციას აქვეყნებენ სპეციალური გამომცემლობები, ინსტიტუტები, პროფესონალური დაწესებულებები, სამეცნიერო სტატიებში მითითებულია ბევრი ბმული სხვადასხვა რესურსებზე, მაშინ როცა არასამეცნიერო სტატიაში ბმულები თითქმის არ არის. რეცენზირებული სტატიები არამარტო პროფესიონალების მიერ იწერება, არამედ წაკითხვამდე მოწმდება და ფასდება ექსპერტების მიერ, რეცენზენტები განსაზღვრავენ ინფორმაციის წყაროების სანდოობას, არკვევენ კვლევის მეთოდოლოგიას და გამოაქვთ პროფესიონალური დასკვნა მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ (მაგალითად სამეცნიერო და დარგობრივ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები). სახელმძღვანელოების სანდოობა. სახელმძღვანელოებში თითითებული ინფორმაცია გამოირჩევა სანდოობის მაღალი დონით, თუმცა ინფორმაცია გადმოცემულია ადვილად გასაგებ ენაზე და მასში მითითებულია ამა თუ იმ საკითხის მხოლოდ საწყისები, ამიტომ სერიოზულ ნაშრომზე მუშაობისას მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დამხმარე, საცნობარო მასალად. ინფორმაციის გამოქვეყნების დრო. ჩვენს დროში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება, იდეები და თეორიები, რომლებიც რამდენიმე წლის ან თვის წინ გამოიყურებოდნენ როგორც რევოლუციური დღეს შეიძლება ძალიან მოძველებულნი აღმოჩნდნენ. შესაბამისად ძალიან კვალიფიციური ავტორის ძალიან სანდო ინფორმაცია იქცევა უსარგებლოდ, ამის გამო საჭიროა ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღის შემოწმება, რომელიც ძირითად შემთხვევაში მითითებულია საიტზე სტატიის დასაწყისში ან ბოლოს. არის შემთხვევები როცა ინფორმაცია ძველი გამოქვეყნებულია, მაგრამ იგი მუდმივად ახლდება, ამ შემთხვევაში ინფორმაცია სანდოა, უბრალოდ საჭიროა შემოწმდეს ინფორმაციის უკანასკნელი განახლების, მოდიფიკაციის თარიღი. ინფორმაცია, რომელზეც გამოქვეყნების, უკანასკნელი მოდიფიკაციის თარიღი მითითებული არ არის ეჭვს იწვევს და მიზანშეწონილი იქნებოდა მის გამოყენებაზე უარის თქმა. ინფორმაციის ობიექტურობა. საჭიროა გარკვეულ იქნას ავტორი ემოციონალურად ან ფინანსურად დაკავშირებულია თუ არა საკითხთან, რომელზეც მიდის საუბარი, თუ ეს ასეა - ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ობიექტური, თუ ავტორი თავის მსჯელობაში იყენებს ტერმინებს „კარგია“ ან „ცუდია“, ეს ნიშნავს რომ იგი მიკერძოებულად უდგება თემას, ავტორი უნდა იძლეოდეს მხოლოდ კომენტარს, გარკვეული ფაქტების, მოქმედების აღწერას, მის კანონიერებას ან უკანონობას და არ უნდა აძლევდეს ემოციონალურ შეფერილობას ან შეფასებას. მაგალითად: „ეს და სხვა არასამართლებრივი ქმედებები“ - ობიექტურია, „ეს და სხვა აღმაშფოთებელი ქმედებები“ სუბიექტურია (ზომაზე მეტად ემოციურია). სპონსორი. ყველა სპონსორს გააჩნია ფარული მოტივები, რომელმაც შეიძლება მოახდინოს გარკვეული გავლენა ინფორმაციის სანდოობაზე. მაგალითად ბრიტანულმა მედიცინის ჟურნალმა BMJ აკრძალა იმ კვლევების გამოქვეყნება, რომლებიც ფინანსირდება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მიერ, რადგან ჩათვალა, რომ ასეთი კვლევები შეიძლება იყოს მიკერძოებული და არასანდო. ინფორმაციის ხარისხი. ყველაზე დიდი მინუსი, რაც აქვს ინტერნეტს არის ხარისხზე მინიმალური კონტროლი. გრამატიკული, პუნქტუაციური, ორთოგრაფიული შეცდომები აშკარად მიანიშნებენ სტატიის ავტორის განათლების დონეზე, უყურადღებობაზე საკითხის მიმართ და გვიჩვენებს, რომ ნაშრომი არ არის გადაკონტროლებული – შესაბამისად არასანდოა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ინფორმაციის გამოქვეყნებით შემოსავალს იღებს ასობით ათასი ადამიანი, ქალაქის მცხოვრები რომელსაც ტყე უნახავს მხოლოდ მონიტორის ეკრანზე წერს სტატიების ციკლს სოკოების შესახებ, ეს სტატიები მხოლოდ სხვების ნაშრომების გადაკეთებული ვარიანტია, „უნიკალურობისათვის“ თავისი მოსაზრებების დამატებით. რეალური გამოცდილების არარსებობის გამო ძალიან ხშირად ხდება შეცდომები და ინფორმაცია ხდება არასანდო. რესურსის მისამართი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმის შემოწმებას რომელ საიტზეა ინფორმაცია განთავსებული. ვებგვერდების ზედა დონის დომენები: • .com და .biz დაბოლოებით წარმოადგენენ კომერციულ საიტებს, შესაბამისად ნებისმიერ პირს აქვს უფლება დარეგისტრირების და ინფორმაციის განთავსების. • .edu დაბოლოება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდების მისამართებს. აშშ–ს მაგალითზე მისი რეგისტრაციის უფლება აქვს მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არიან აკრედიტებულნი და აღიარებულნი ნაციონალური სააგენტოების მიერ. • .gov დაბოლოება განკუთვნილია ქვეყნების მთავრობებისა და მისი სტრუქტურებისათვის. • .info ღიაა რეგისტრაციისათვის, ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება შექმნას საიტი ამ დაბოლოებით. • .org გამოყენებულია ძირითადად არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციების მიერ. ამდენად საიტის მისამართზე ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რომ წარმოდგენა შეგვექმნას საიტის მფლობელზე, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. გამოქვეყნების მიზანი. ინფორმაცია საიტზე შესაძლებელია გამოქვეყნდეს სხვადასხვა მიზნით, მაგალითად საზოგადოების ინფორმირებისთვის, პროდოუქციის ან მომსახურების რეკლამირებისათვის, იდეების გენერირებისათვის და სხვა. საჭიროა კრიტიკული თვალით შევხედოთ ინფორმაციას და ვეცადოთ ამოვიცნოთ სტატიის გამოქვეყნების ნამდვილი მიზანი. ინსტრუმენტები. როგორ გვიგოთ ვის ეკუთვნის საიტი. .ge დაბოლოების მქონე საიტებისათვის შეგვიძლია შევიდეთ საიტზე registration.ge, ზემოთ, საძიებო ველში საიტის დასახელების შეტანისა და ძებნის ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოტანილი იქნება ინფორმაცია საიტის მესაკუთრის და მისი საკონტაქტო მონაცემების შესახებ. სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული საიტებისათვის შევიდეთ მისამართზე ping.eu, ჩამონათვალში შევიდეთ პუნქტში WHOIS. გამოსულ საძიებო ველში შევიყვანოთ ვებგვერდის მისამართი, ძიების დასრულების შემდეგ გამოტანილი იქნება ინფორმაცია მესაკუთრის შესახებ, ასევე შეგვიძლია ვნახოთ თუ როდის იქნა საიტი განახლებული ბოლოს (პუნქტი Last Updated). რამდენად პოპულარულია საიტი. ამ მიზნით, ქართული დაბოლოების მქონე საიტების შესამოწმებლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ საიტი top.ge. შეგვიძლია ვიხილოთ პოპულარული საიტების ჩამონათვალი ან განვახორციელოთ კონკრეტული საიტის ძებნა, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი, მათ შორის ასევე ქართული საიტების პოპულარობის კვლევისათვის გამოვიყენოთ საიტი alexa.com. ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია, ამისათვის საჭიროა მხოლოდ საძიებო ველში საიტის მისამართის ჩაწერა. ძებნის დასრულების შემდეგ გამოტანილი იქნება ინფორმაცია საიტის საერთაშორისო რეიტინგის და ადგილობრივი რეიტინგის შესახებ, ასევე სხვა ბევრი საინტერესო სპეციფიკური ინფორმაცია. ინფორმაცია საიტის შესახებ. საიტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გასაგებად შეგვიძლია გამოვიყენოთ checksiteinfo.info ვებგვერდი, ინფორმაციის მოძიება ხდება საძიებო ველში საიტის მისამართის ჩაწერით.

ახალი დამატებული