მთავარი პორტალის შესახებ კონტაქტი  
 
კომპიუტერული ქსელები, მათი ტიპები, ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხერხები, ქსელური მოწყობილობები, ინტერნეტ კავშირის საშუალებები
 
კომპიუტერული ქსელები, მათი ტიპები, ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხერხები, ქსელური მოწყობილობები, ინტერნეტ კავშირის საშუალებები

00:26:41

კომპიუტერული ქსელები. მცნება. კომპიუტერული ქსელი – წარმოადგენს აპარატული, პროგრამული უზრუნველყოფისა და კავშირის საშუალებების ერთობლიობას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მონაცემთა გადაცემა კომპიუტერებს შორის. აპარატული საშუალებების როლში გამოდიან კომპიუტერის ქსელური ბარათები, სერვერები, მარშრუტიზატორები, კონცენტრატორები, კომუტატორები და სხვა ქსელური მოწყობილობები, მათზე მოქმედებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს აპარატურის გამართულ მუშაობას. აპარატული მოწყობილობები ერთმანეთს შორის კავშირს ამყარებენ სხვადასხვა კავშირის ხაზის: სპილენძის გამტარების, ოპტიკურ–ბოჭკოვანი და უკაბელო წვდომის საშუალებებით. მსოფლიოში ყველაზე პირველი ქსელს წარმოადგენდა ArpaNet (Advanced Research Projects Agency Network), მეოცე საუკუნის სამოციანი წლების ბოლოს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ ბირთვული ომის შემთხვაში საჭირო იქნებოდა ინფორმაციის გადაცემის სანდო და ხარისხიანი სისტემა. თანამედროვე კვლევითი პროექტების სააგენტომ (ARPA) შესთავაზა ამ მიზნით კომპიუტერების გამოყენება და კომპიუტერული ქსელის შექმნა. მისი შემუშავება დაევალა კალიფორნიის უნივერსიტეტს ლოს-ანჯელესში, სტენფორდის კვლევით ცენტრს, იუტას უნივერსიტეტს და კალიფორნიის უნივერსიტეტს სანტა-ბარბარაში. ტექნოლოგიის პირველი გამოცდა ჩატარდა 1969 წლის 29 ოქტომბერს. მონაცემთა გადაცემა განხორციელდა კალიფორნიიდან, ლოს–ანჯელესიდან სტენფორდის უნივერსიტეტში 600 კილომეტრის მანძილზე. ქსელების ტიპები. ქსელები კლასიფიცირდება სხვადასხვა პრინციპის მიხედვით: ტერიტორიული გავრცელების, არქიტექტურის, ქსელური ტიპოლოგიის, გადაცემის გარემოს, ფუნქციონალური დანიშნულების, გადაცემის სიჩქარის, ქსელური ოპერაციული სისტემის და მუდმივი კავშირის შენარჩუნების საჭიროების მიხედვით. განვიხილოთ მათი ძირითადი ნაწილი. ტერიტორიული გავრცელების მიხედვით არსებობს შემდეგი ძირითადი ტიპის ქსელები: BAN (Body Area Network) – სხეულზე დასამაგრებელი ან იმპლანტირებული კომპიუტერული მოწყობილობების ქსელი. PAN (Personal Area Network) – პერსონალური ქსელი, განკუთვნილი ერთი მომხმარებლის კუთვნილი მოწყობილობების ურთიერთქმედებისათვის. LAN (Local Area Network) - ლოკალური ქსელი, რომელსაც გააჩნია ჩაკეტილი ინფრასტრუქტურა. ეს ტერმინი შეიძლება აღწერდეს პატარა ოფისის ქსელსაც და ქსელს, რომელიც განთავსებულია დიდ ქარხანაში, რომელიც იკავებს რამოდენიმე ასეულ ჰექტარს. არსებობს ასევე მისი მიახლოებითი შეფასებაც - 10 კილომეტრის ფარგლებამდე. ლოკალური ქსელები წარმოადგენენ დახურული ტიპის ქსელებს, მასზე წვდომა აქვთ მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდულ წრეს, რომელთა საქმიანობაც ამ ქსელში დაკავშირებულია მათ პროფესიონალურ საქმიანობასთან. CAN (Campus Area Network) - აერთიანებს ერთმანეთთან ახლოს განლაგებული შენობების ლოკალურ ქსელებს. MAN (Metropolitan Area Network) - საქალაქო ქსელები დაწესებულებებს შორის, ერთი ან რამოდენიმე ქალაქის ფარგლებში, რომლებიც აკავშირებს მრავალ ლოკალურ ქსელს. WAN (Wide Area Network) - გლობალური ქსელი, ქსელი, რომელიც ფარავს დიდ გეოგრაფიულ არეალს. მოიცავს, როგორც ლოკალურ ისე სხვა სატელეკომუნიკაციო ქსელებს და მოწყობილობებს. გლობალური ქსელები არის ღია და ორიენტირებულია ნებისმიერი მომხმარებლის მომსახურებაზე. არსებობს ასევე ტერმინი „კორპორატიული ქსელი“ (Enterprise Network) - იგი გამოიყენება ერთი კომპანიის კუთვნილი რამოდენიმე ქსელის გაერთიანების აღსანიშნავად, რომლებსაც იყენებს მხოლოდ იგი და რომლებიც შესაძლებელია აგებული იყოს სხვადასხვა ტექნიკურ, პროგრამულ და საინფორმაციო პრინციპებზე. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის მიხედვით არსებობს: დაბალსიჩქარიანი ქსელები - ქსელი სადაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე არ აღემატება 10 მეგაბიტს წამში. საშუალოსიჩქარიანი ქსელები - ქსელი სადაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე არ აღემატება 100 მეგაბიტს წამში. მაღალსიჩქარიანი ქსელები - ქსელი სადაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღემატება 100 მეგაბიტს წამში. არქიტექტურის მიხედვით: კლიენტ–სერვერული - ქსელური არქიტექტურა, რომელშიც დავალებები და ქსელური დატვირთვა ნაწილდება სერვისების მომწოდებელს (სერვერს) და სერვისების მიმღებს (კლიენტს) შორის. გააჩნია ის უპირატესობა, რომ რადგან უმეტესი გამოთვლითი მოქმედება სრულდება სერვერზე - შემცირებულია მოთხოვნა კლიენტ კომპიუტერზე, ასევე მონაცემების შენახვა ხორციელდება სერვერზე, რის გამოც უფრო მარტივი ხდება მათი დაცვა და მასზე წვდომის დონეების განსაზღვრა. ერთრანგიანი (დეცენტრალიზებული) ქსელი - P2P (peer-to-peer) ქსელები აგებულია მომხმარებელთა თანასწორუფლებიანობაზე, ამ ქსელებში ძირითადად არ დგას სერვერები და ყველა კომპიუტერი ასრულებს როგორც სერვერის, ისე კლიენტის ფუნქციას. კლიენტ-სერვერული არქიტეტიურისგან განსხვავებით, ქსელის ასეთი ორგანიზება იძლევა მისი ქმედუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას კვანძების ანუ კომპიუტერების ნებისმიერი რაოდენობისა და თანაფარდობის შემთხვევაში. გადაცემის ტიპის მიხედვით: კაბალიანი – სატელეფონო კაბელი, კოაქსიალური, სპილენძის წყვილი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. უკაბელო - მონაცემთა გადაცემა ხორციელდება გარკვეულ სიხშირულ დიაპაზონზე რადიოტალღების მეშვეობით. ინტერნეტი და ინტრანეტი. ინტერნეტი არის ქსელების ქსელი, ასობით ათასი ლოკალური ქსელის გაერთიანება, ერთიანი ქსელი, რომელსაც საშუალება აქვს გადასცეს ინფორმაცია სამყაროს ერთი ნებისმიერი წერტილიდან მეორე ნებისმიერ წერტილში. განსხვავება ინტერნეტსა და სხვა ტრადიციულ ქსელებს შორის არის ის, რომ მას არ ჰყავს ოფიციალური მფლობელი, ეს არის სხვადასხვა ქსელის მოხალისეობრივ საფუძველზე შექმნილი ასოციაცია. ინტერნეტსაგან განსხვავებით, ინტრანეტი წარმოადგენს ორგანიზაციის შიდა კერძო ქსელს, როგორც წესი ინტრანეტი არის მინიატურული ინტერნეტი, ამ ტერმინის ქვეშ ძირითადად იგულისხმება ინტრანეტის ხილული ნაწილი - ორგანიზაციის შიდა ვებ გვერდი, რომელიც აგებულია ამ ორგანიზაციის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლისა და საერთო გამოყენებისათვის ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს თანამშრომელთა ტელეფონის ნომრები, შემკვეთების მონაცემები და ა.შ. ანუ ინტრანეტი არის „კერძო“ ინტერნეტი. ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ხერხები ინტერნეტის ქსელის ცალკეული ნაწილები წარმოადგენენ სხვადასხვა არქიტექტურის (აგებულების) მქონე ქსელებს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან სპეციალური მოწყობილობების - მარშრუტიზატორების მეშვეობით, გადასაცემი მონაცემები იყოფა პატარა პორციებად, პაკეტებად და ხდება ამ პაკეტების ქსელში გადაადგილება სხვა პაკეტებისაგან დამოუკიდებლად. ქსელში კომპიუტერები ერთმანეთთან კომუტირდება (კავშირდება) შეუზღუდავად, იმისათვის, რომ ქსელში არსებულმა ყველა კომპიუტერმა მოახდინოს ერთმანეთს შორის ინფორმაციის გაცვლა საჭიროა ისინი ურთიერთობდნენ ერთ „ენაზე“, ერთი და იგივე წესების გამოყენებით, ამ მიზნით შეიქმნა კავშირის წესების ერთობლიობა ანუ პროტოკოლი, რომელსაც ეწოდება TCP/IP, სინამდვილეში ეს არის ორი სხვადასხვა პროტოკოლი TCP და IP, რომლებიც განსაზღვრავენ ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა ასპექტებს. TCP (Transmission Control Protocol) – გადაცემის კონტროლის პროტოკოლი, პასუხისმგებელია კომპიუტერულ ქსელებში მონაცემების სანდო და გარანტირებულ გადაცემაზე, იყენებს შეცდომის შემცველი პაკეტების ავტომატიზირებული განმეორებითი გადაცემის მეთოდს. ეს პროტოკოლი პასუხს აგებს ინფორმაციის პაკეტებად გადანაწილებაზე და მიღებისას პაკეტებიდან ინფორმაციის ამოღებასა და აღდგენაზე, ხოლო IP (Internet Protocol) - ქსელთაშორის ურთიერთქმედების პროტოკოლი, პასუხს აგებს უშუალოდ მონაცემების გადაცემაზე, ადრესაციაზე, ინფორმაციის დანიშნულების მისამართზე სწორად მიტანაზე, აძლევს პაკეტს საშუალებას რამოდენიმე ქსელის გავლით მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. სქემა ასეთია: TCP პროტოკოლი ყოფს ინფორმაციას პაკეტებად და ნომრავს მათ, შემდეგ IP პროტოკოლის საშუალებით ყველა პაკეტი გადაეცემა მიმღებს, სადაც TCP პროტოკოლის მეშვეობით მოწმდება მიღებულია თუ არა ყველა პაკეტი, ყველას მიღების შემდეგ TCP განალაგებს მათ საჭირო თანმიმდევრობით და აერთიანებს ერთ მთლიანობაში, ამის შემდეგ მიღებული ინფორმაცია გასაგები ხდება კომპიუტერისათვის და ხდება მისი გამოტანა მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით მონიტორზე. იმისათვის, რომ ქსელში ჩართულ კომპიუტერებს ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირისა და მონაცემების გაცვლის საშუალება მათ უნდა გააჩნდეთ უნიკალური მისამართები, ინტერნეტში გამოიყენება ეგრეთ წოდებული IP დამისამართება, რომლის მიხედვითაც ქსელში უმეტეს მოწყობილობებს ენიშნება უნიკალური IP მისამართი. IP მისამართები არსებობს მეოთხე (IPv4) და მეექვსე (Ipv6) ვერსიის, ამჟამად ძირითადად გამოიყენება მეოთხე ვერსის, მაგრამ ინტერნეტი ნელ-ნელა გადადის მეექვსე ვერსიის IP დამისამართებაზე. კომპიუტერულ ქსელებში მონაცემების გადაცემა და დამისამართება ხორციელდება ორობით ათვლის სისტემაში. IP-ს მეოთხე ვერსიაში მოწყობილობის IP მისამართი წარმოადგენს 32 ბიტიან რიცხვს, ეს არის 4 ბაიტი, თითოული ბაიტის მნიშვნელობა მომხმარებლის მიერ მარტივად აღქმისათვის გამოსახავს რიცხვს ათობით ათვლის სისტემაში 0-დან 255-ის ჩათვლით, ბაიტების მნიშვნელობა ერთმანეთისაგან გამოიყოფა წერტილით, ანუ მოწყობილობის IP მისამართი, როგორც უკვე აღინიშნა შეიძლება გამოყურებოდეს ასე: 192.168.248.152 ამ მისამართში კოდირებულია იმ ქსელის, რომელსაც ეს კომპიუტერი ეკუთვნის და უშუალოდ კომპიუტერის ნომრები, საწყისი ბიტები განსაზღვრავენ ქსელის ნომერს, ხოლო ბოლო ბიტები განსაზღვრავენ კომპიუტერის ნომერს. ქსელისა და კომპიუტერისათვის გამოყოფილ ბიტთა რაოდენობა შეიძლება იყოს განსხვავებული, ამის გასარჩევად გამოიყენება ქსელის ნიღაბი (Subnet Mask). ნიღაბიც 32 ბიტიანია და დაყოფილია 4 ნაწილად, ოქტეტად, მისი პირველი ბიტები ყენდება ერთიანებზე (255 ორობით ათვლის სისტემაში წარმოადგენს რიცხვს 11111111), ხოლო ბოლოები ნულზე. ბიტების რაოდენობა, რომლებიც დაყენებულია 1-ზე განსაზღვრავენ IP მისამართში რამდენი ბიტია გამოყოფილი ქსელის ნომერისათვის. ნიღაბი 255.255.255.0 მიუთითებს იმას, რომ IP მისამართში პირველი 24 ბიტი (3 ბაიტი) დაყენებულია 1-ზე, ხოლო ბოლო ერთი ბაიტი განსაზღვრავს კომპიუტერის ნომერს. 192.168.248.152 მისამართის შემთხვევაში ქსელის ნომერია 192.168.248, ხოლო კომპიუტერის ნომერია 152. Default GateWay – მიუთითებს იმ მოწყობილობის IP მისამართზე, რომელიც გამოიყენება სხვა ქსელში ან ინტერნეტში გასასვლელად. DNS (Domain Name System) და DNS სერვერი - დომენური სახელების სისტემა, ეს არის ინტერნეტში განაწილებული ცხრილების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ IP მისამართების მომხმარებლისათვის უფრო გასაგებ ფორმატში გადაყვანას. სხვა სიტყვებით - DNS კომპიუტერის რიცხვით მისამართს გარდაქმნის ტექსტურ ფორმაში, მაგალითად IP მისამართი 94.100.180.200 შეესაბამება საიტს mail.ru – იგი წარმოადგენს დომენურ სახელს, ხოლო DNS სერვერის მისამართი წარმოადგენს იმ სერვერის IP მისამართს, სადაც განლაგებულია საიტების IP მისამართებისა და მათი დომენური სახელების შესატყვისობების მონაცემთა ბაზა, რათა თქვენს მიერ ბრაუზერში აკრეფილი მისამართი გარდაიქმნას IP მისამართად და განხორციელდეს მათი ქსელში მოძებნა. ზემოთ აღნიშნული მისამართები (IP, Subnet Mask, Default GateWay, DNS Server Address) საჭიროა იმისათვის, რომ კომპიუტერმა დაამყაროს კავშირი ინტერნეტთან. ამ მისამართებს კომპიუტერი იღებს ავტომატურად ქსელში მიერთების დროს, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გაწერილი იქნას ხელით, ანუ მომხმარებლის მიერ. ძალიან ხშირ, შემთხვევათა ალბათ 99%–ში გამოიყენება მისამართების ავტომატური მიღება, ანუ მომხმარებელს არ ესაჭიროება მისი ხელით გაწერა. კომპიუტერის მიერ ავტომატურად მიღებული მისამართების შემოწმება შესაძლებელია შემდეგი წესით. Start -> Control Panel -> Network and Sharing Center -> Change Adapter Settings -> Status (არჩეულ უნდა იქნას ქსელის გამოსახულებაზე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გამოსული მენიუდან) -> Details. მოწყობილობები რომლებიც გამოიყენება ქსელებში. ქსელური ბარათი (ქსელური ადაპტერი). NIC (Network Inerface Card), არის სქემა, რომელიც ჩაყენებულია მიმღებ მოწყობილობაში (კომპიუტერი, პლანშეტი ...) და აძლევს მას საშუალებას დაუკავშირდეს ქსელის სხვა მოწყობილობებს, იგი ძირითადად მაგრდება კომპიუტერის დედაპლატაზე (შეიძლება წარმოდგენილ იქნას გარე მოწყობილობის სახითაც). ყოველ სქემას გარდა იმისა რომ ენიჭება IP მისამართი (შეიძლება იყოს მუდმივი ან ცვლადი), გააჩნია აგრეთვე უნიკალური კოდი ანუ MAC (Media Access Control) მისამართი, იგი არის 6 ბაიტიანი და იწერება მოწყობილობაში უშუალოდ მისი მწარმოებლის მიერ, მისი ძირითადი დანიშნულებაა ქსელში ინფორმაციის გამგზავნის და მიმღების იდენტიფიცირება, იგი შეიძლება გამოიყურებოდეს ასე: FC-F8-AE-5B-9C-CB. კომუტატორი (სვიჩი). მოწყობილობა ძირითადად 4-32 შესაერთებლით (პორტით), რომელიც გამოიყენება ქსელის ერთ სეგმენტში სხვადასხვა ქსელებისა და ქსელური მოწყობილობების გასაერთიანებლად (დასაკავშირებლად). კომუტატორი გადასცემს მიღებულ ინფორმაციას მხოლოდ ინფორმაციის მიმღებს და არა სხვა მოწყობილობებს, ეს ზრდის ქსელის უსაფრთხოებას და ზრდის მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს, რადგან პაკეტის გაანალიზება ხდება მხოლოდ მიმღები მოწყობილობის და არა ქსელში ჩართული ყველა მოწყობილობის მიერ. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: კომუტატორი მეხსიერებაში ინახავს კომუტაციის ცხრილს, რომელშიც მითითებულია მასზე მიერთებულ მოწყობილობათა MAC მისამართები, კომუტატორი აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას და უგზავნის მას იმ მოწყობილობას, რომლის MAC მისამართსაც ეკუთვნის იგი. მარშრუტიზატორი (როუტერი) სპეციალური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაგზავნას სხვადასხვა ქსელებს შორის, მარშრუტიზატრებს შეუძლიათ შეარჩიონ საუკეთესო მიმართულება ქსელში ინფორმაციის გადასაცემად, იგი მონაცემების გადაცემას ანხორციელებს IP მისამართების მეშვეობით. წვდომის წერტილი (Access Point). წარმოადგენს ლოკალური ქსელის უკაბელო მიმღებ–გადამცემ მოწყობილობას, რომელიც ასრულებს კონცენტრატორის მოვალეობას, ანუ წარმოადგენს ქსელის ცენტრალურ წერტილს, ან ასრულებს ხიდის მოვალეობას, აერთიანებს კაბელიან და უკაბელო ქსელებს. რამოდენიმე AP-ს გამოყენება იძლევა როუმინგის განხორციელების საშუალებას, ანუ მომხმარებლებს შეუძლიათ გარკვეული არეალის ფარგლებში იქონიონ წვდომა ქსელთან. მედიაკონვერტორი. მედიაკონვერტორი არის მოწყობილობა, „გარემოს გარდამქმნელი“ - დამაკავშირებელი კომპონენტი ოპტიკურ კაბელსა და სპილენძის კაბელებს შორის, მისი მოვალეობაა გარდაქმნას სიგნალის გავრცელების გარემოს ტიპი ერთიდან მეორეში. მარტივად, რომ ვთქვათ არის ოპტიკური და სპილენძის კაბელის შეკავშირების ადგილი. კაბელები. ქსელისათვის ასევე საჭიროა მოწყობილობათა დამაკავშირებელი ხაზები, კაბელები. არსებობს ქსელის კაბელების რამდენიმე კატეგორია, მაგრამ ახლა უფრო ხშირად გამოიყენება მეხუთე კატეგორიის კაბელები CAT-5, CAT-5e (ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 1000 მეგაბიტი წამში), იმისათვის, რომ კაბელი მიერთდეს მაგალითად ქსელის ბარათთან ან სვიჩთან საჭიროა მასზე დამაგრდეს სპეციალური მისაერთებელი, რომელსაც ეწოდება RJ-45 Connector „ჯეკი“, იგი ძალიან წააგავს ტელეფონის მისაერთებელს, ოღონდ არის უფრო დიდი ზომის. ქსელის კაბელში გატარებულია სხვადასხვა ფერის 8 ოთხ წყვილად შეგრეხილი სპილენძის წვერი, რომელიც TIA/EIA 568A ან TIA/EIA 568B საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დალაგებული უნდა იქნას შემდეგი თანმიმდევრობით. ძირითადად გამოიყენება B სტანდარტი, რომელშიც მიმდევრობა შემდეგია: თეთრი ფორთოხლისფერით, ფორთოხლისფერი, თეთრი მწვანით, ცისფერი, თეთრი ცისფერით, მწვანე, თეთრი ყავისფერით, ყავისფერი. ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი. გამოიყენება მაღალი სისწრაფის კავშირის უზრუნველსაყოფად, რომელიც ხორციელდება მასში ოპტიკური სიგნალების გატარებით, მისი კონსტრუქცია განსხვავებულია მისი გამოყენების არიალის შესაბამისად, თუმცა ყველა მათგანში გატარებულია პლასტიკური მილაკები, შუქგამტარები, რომელშიც ხდება ოპტიკური სიგნალების გატარება და მისი საშუალებით შესაძლებელია 1 გიგაბიტზე მეტი ინფორმაციის გატარება, აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია სპილენძის კაბელების გამოყენების შემთხვევაში. სხვა მოწყობილობები. Nas (Network attached storage) მონაცემების ქსელური შემგროვებელი, იგი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც დიდი მოცულობის მქონე ინფორმაციისა და სპეციალური აპარატული პლატფორმის ერთიანობა, რომელიც შესაძლებელია მივაერთოთ ქსელში, როგორც წესი მასში განთავსებულია დიდი მოცულობის მყარი დისკები. მისი დანიშნულებაა მომხმარებლების მიერ შეგროვებული ინფორმაციის უსაფრთხო შენახვა, მონაცემების სარეზერვო კოპირება, ზოგადად დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებული მოქმედებები. Firewall. ეს ტერმინი გამოიყენება როგორც სერვერზე და მარშრუტიზატორზე ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფის ასევე ცალკეული აპარატული კომპონენტის დასახელებასთან დაკავშირებით, Firewall იცავს კერძო ქსელის რესურსებს სხვა ქსელებიდან არასანქცირებული წვდომისგან, იგი იკვლევს ყველა პაკეტს რათა გაარკვიოს გადაუგზავნოს თუ არა იგი მიმღებს. სატელეკომუნიკაციო კარადა. დღეისათვის არსებული ყველა ფირმა, ორგანიზაცია და დაწესებულება იყენებს კომპიუტერულ ქსელს. ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭიროა სატელეკომუნიკაციო აპარატურის დიდი რაოდენობა, რომელიც საჭიროა სადმე განთავსდეს და შეიქმნას პირობები მათი ფუნქციონირებისათვის, ამ მიზნით გამოიყენება სატელეკომუნიკაციო კარადა (Rack). მასში შესაძლებელია კომპაქტურად განთავსდეს ქსელის მოწყობილობები, დაცული იქნას ისინი გარე ზემოქმედებისაგან, განხორციელდეს აპარატურის დაცვა უცხო პირების წვდომისაგან. ინტერნეტ კავშირის საშუალებები. სანამ ინტერნეტ კავშირის საშუალებებს განვიხილავთ, საჭიროა განვმარტოთ მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მცნება, რადგან ინტერნეტ კავშირის ტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მიზანი ზუსტად ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის გაზრდაა. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე - ეს არის მონაცემთა მოცულობა, რომლის გადაცემაც ხდება დროის გარკვეულ ერთეულში, მისი გაზომვის საბაზო ერთეულია ბიტი/წამში. DSL ტექნოლოგია (Digital Subscriber Line) – ციფრული სააბონენტო ხაზი, ინტერნეტთან წვდომის ფართოზოლოვანი ტექნოლოგია, აგებულია სააბონენტო (მაგ. სატელეფონო) კაბელის დაუკავებელი ნაწილის გამოყენებაზე, უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან მონაცემთა გადაცემას, 24 მეგაბიტამდე წამში (ADSL ტექნოლოგია). მოხმარებელი იღებს წვდომას ინტერნეტზე ტელეფონის კაბელით ისე, რომ სატელეფონო კავშირი შენარჩუნებულია. ოპტიკური-ბოჭკოვანი ტექნოლოგია – ინფორმაციის გადაცემის მეთოდი, რომელიც ინფორმაციული სიგნალის მატარებლად იყენებს ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, ხოლო წარმმართველი სისტემების თვალსაზრისით – ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. ინფორმაციის გადაცემის ეს მეთოდი მრავალჯერ აჭარბებს კავშირის სხვა ნებისმიერ სისტემას და შეიძლება იზომებოდეს ტერაბიტებით წამში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კავშირი თავისუფალია ელექტრომაგნიტური ხარვეზებისაგან და ძნელად მისაწვდომია არასანქცირებული გამოყენებისათვის. სინათლის საშუალებით ინფორმაციის გადაცემის იდეა სათავეს იღებს 1934 წლიდან, როდესაც ნორმან ფრენჩმა სამეცნიერო საზოგადოებას შესთავაზა ხმის სინათლის სიგნალებად გარდაქმნისა და მინის მილებით მისი გადაცემის იდეა. თანამედროვე ტიპის ოპტიკური კაბელი გამოჩნდა 1954 წელს. ინფორმაციის გადამტანად გამოიყენება სინათლის სხივები, რომლის სიჩქარეც როგორც ცნობილია 300 ათასი კილომეტრია წამში. ოპტიკურ ტექნოლოგიაში ყველაფერი ხდება ისე, როგორც ათვლის ორობით სისტემაში: „ანთებულია“ ნიშნავს 1-ს, ხოლო „ჩამქრალია“ ნიშნავს „0“-ს. 2014 წელს დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა განახორციელეს ინფორმაციის გადაცემა ოპტიკურ ქსელში მაქსიმალური დაფიქსირებული 43 ტერაბიტ/წამში სიჩქარით, თუმცა ეს არ არის ინფორმაციის ოპტიკური ქსელის მეშვეობით გადაცემის ზღვრული სიჩქარე და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იგი კიდევ უფრო გაიზრდება. უკაბელო ტექნოლოგიები Wifi, WiMax და მობილური ინტერნეტი. Wifi (Wireless Fidelity) მონაცემების ზუსტი გადაცემა კაბელების გამოყენების გარეშე, ინტერნეტთან წვდომის ფართოზოლოვანი ტექნოლოგია, ინტერნეტის სიჩქარე შეიძლება აღწევდეს 11 – 300 მეგაბიტს წამში და მეტს, მოქმედების რადიუსი, როგორც წესი, არ აღემატება 50-70 მეტრს. უკაბელო წვდომის წერტილები გამოიყენება ბინის ფარგლებში, ან დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ადგილებში. WiMax (Worldwide Interoperability for Microwave Access) ინტერნეტთან წვდომის ფართოზოლოვანი ტექნოლოგია, წარმოადგენს WiFi-ს ანალოგიას, WiMax რადიოწვდომის სხვა სტანდარტული ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით მუშაობს არეკლილ სიგნალებზეც, საბაზო სადგურის პირდაპირი ხედვის არეს გარეთაც. ექსპერტები თვლიან, რომ იგი წარმოადგენს უფრო საინტერესო პერპექტივას განვითარებისათვის, ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია 80 კილომეტრამდე მანძილზე, 75 მეგაბიტ სიჩქარემდე (WiMax 2-ის შემთხვევაში 1 გიგაბიტ/წამამდე, 120-150 კმ. მანძილზე). მობილური ინტერნეტი – მობილური ინტერნეტი, იყოფა რამდენიმე თაობად 2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G. თითოული მათგანი მოიცავს ინტერნეტ კავშირის სხვადასხვა სტანდარტს, განვიხილოთ ძირითადი მახასიათებლები: 2G – TDMA, CDMA, GSM, PDC – 9,6-14,4 კილობიტი/წამში კავშირის სიჩქარე. 2,5G – GPRS, EDGE, 1xRTT – 115-384 კილობიტი/წამში კავშირის სიჩქარე. 3G – WCDMA, CDMA2000, UMTS – 2 მეგაბიტი/წამში კავშირის სიჩქარე. 3,5G – HSDPA, HSUPA, HSPA, HSPA+ – 3-14 მეგაბიტი/წამში კავშირის სიჩქარე. 4G – LTE-Advanced, WiMax2, WirelessMAN-Advanced – 100 მეგაბიტ/წამიდან 1 გიგაბიტ/წამამდე.
 
nmarghishvili@gmail.com