ოპერაციული სისტემები, მათი სტრუქტურა, კონფიგურაციისა და რესურსების მართვის საშუალებები, სტანდარტული პროგრამები, მომხმარებლები, ფაილები და მათი გაზიარება, აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია

ოპერაციული სისტემები და მათი სტრუქტურა. ოპერაციული სისტემა - ურთიერთდაკავშირებული პროგრამების კომპლექსი, რომლებიც განკუთვნილნი არიან კომპიუტერის რესურსების მართვისათვის და მომხმარელებთან ურთიერთქმედების უზრუნველყოფისათვის. ოპერაციული სისტემა იკავებს მდგომარეობას კომპიუტერის აპარატურულ ნაწილსა და სამომხმარებლო პროგრამებს შორის. ოპერაციული სისტემის გაშვება, მუშაობის დასრულება. კომპიუტერის ჩართვა გულისხმობს ოპერაციული სისტემის გაშვებას, რადგან კომპიუტერის ჩართვისას ავტომატურად ხდება ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა და გაშვება. კომპიუტერის ჩასართავად საჭიროა შევამოწმოთ მიართებულია თუ არა იგი ელექტრო ენერგიით კვების წყაროში, ან არსებობის შემთხვევაში უწყვეტი კვების წყაროში, ჩართულია თუ არა მონიტორი და დავაჭიროთ ჩართვის ღილაკს თითი, რომელიც ძირითადად განლაგებულია კომპიუტერის წინა პანელზე და აქვს მსგავსი გამოსახულება. კომპიუტერის, მონიტორის, უწყვეტი კვების წყაროს ჩართვას გავიგებთ ამ მოწყობილობაზე არსებული ნათურის ანთებით. კომპიუტერი ჩართვის დროს ასრულებს შემდეგ მოქმედებებს: ხდება მისი ავტომატური ტესტირება, მოწმდება მოწყობილობები რათა დარწმუნდეს, რომ ისინი მუშაობენ გამართულად, თუ აღმოჩნდება რაიმე პრობლემა ჩატვირთვა შეჩერდება და მონიტორზე გამოტანილი იქნება შეტყობინება და/ან ხმოვანი სიგნალი. ტესტირების შემდეგ ხდება ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი სექტორის მოძებნა მყარ დისკზე, ოპტიკურ დისკზე, ფლეშ დისკზე ანუ იქ და იმ მიმდევრობით, რომელიც მითითებულია მომხმარებლის მიერ BIOS-ის პარამეტრებში. ჩამტვირთავი დისკის განსაზღვრის შემდეგ იტვირთება მისი პირველი სექტორის შიგთავსი, რომელშიც ინახება MBR (Master Boot Record). MBR პოულობს დისკის აქტიურ განყოფილებას და გადასცემს მას მართვას. იშვებს Windows 7–ის ჩატვირთვის მენეჯერი (ფაილი bootmgr). ჩატვირთვის მენეჯერი კითხულობს სისტემის კონფიგურაციის პარამეტრებს, რომელიც ინახება ფაილში BCD (Boot Configuration Data), თუ აღმოჩნდება რამდენიმე ჩანაწერი, იგულისხმება, რომ მომხმარებელს კომპიუტერში დაყენებული აქვს რამოდენიმე ოპერაციული სისტემა და გამოტანილი იქნება ოპერაციული სისტემის არჩევის მენიუ. სისტემის არჩევის შემდეგ იშვებს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის მოდული Winload.exe და ბირთვის კომპონენტი Ntoskrnl.exe ასევე Hal.dll, სისტემური პროგრამები და სხვა კომპონენტები. ჩატვირთვის ეს ეტაპი მომხმარებლისათვის გამოიყურება ეკრანზე Windows ანიმირებული ლოგოტიპის გამოტანით. იტვირთება პროცესი winlogin.exe, რომელიც მართავს მომხმარებლის ოპერაციულ სისტემაში შესვლის პროცესს, თუ მხოლოდ ერთი სამომხმარებლო ჩანაწერია კომპიუტერში და არ არის იგი დაცული პაროლით, მოხდება სისტემაში ავტომატური შესვლა, თუ არა გამოტანილი იქნება მომხმარებლის არჩევის და პაროლის შეტანის შესაბამისი გამოსახულებები. სისტემაში შესვლის პროცესში იშვებს ავტოჩატვირთვის ელემენტები, რომლებიც გაწერილია Windows-ის რეესტრში და ავტოჩატვირთვის საქაღალდეში. როგორც კი მოხდება სისტემის გაშვება, ოპერაციული სისტემა მართვს ყველა პროგრამას და კომპიუტერის აპარატულ ნაწილს. ოპერაციული სისტემის და შესაბამისად კომპიუტერის გამორთვა ხდება შემდეგი წესით: ვამოწმებთ გაშვებული და ჩაკეცილი ხომ არ გვაქვს პროგრამები, ვხურავთ მათ არსებობის შემთხვევაში, სტარტ მენიუში ვაწკაპუნებთ ღილაკზე ShutDown და ველოდებით კომპიუტერის გამორთვას, გამორთვა შეიძლება მოხდეს რამოდენიმე წამშიც და შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დროც მაგალითად 2-15 წუთი. კომპიუტერი აუცილებელია გამოირთოს პროგრამულად და არა დენის წყაროდან პირდაპირი გამორთვის წესით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მყარი დისკის დაზიანება, შეიძლება დაზიანდეს ფაილური სისტემა, ამის გამო დაიკარგოს მონაცემები და შეუძლებელი გახდეს ოპერაციული სისტემის გაშვება მისი გადაყენების, გადაინსტალირების გარეშე. კომპიუტერის გადატვირთვა გულისხმობს კომპიუტერის გამორთვას და მის ავტომატურად ჩართვას მომხმარებლის ჩარევის გარეშე. გადატვირთვა ხორციელდება სტარტ მენიუში ShutDown ღილაკთან არსებულ ისარზე დაწკაპუნებით და გამოსულ მენიუში პუნქტის Restart არჩევით. გადატვირთვა (Restart) ხდება მაშინ, როდესაც საჭიროა ოპერაციული სისტემის ბირთვის გადაწყობა, მაგალითად დრაივერების და ახალი პროგრამების უმრავლესობის დაყენების შემთხვევაში. ეს მეთოდი გამოიყენება ოპერატიული მეხსიერების გაახლება–გასუფთავებისათვის და კომპიუტერის მუშაობის სტაბილურობის აღდგენისათვის, როდესაც პროგრამები რატომღაც მუშაობენ პრობლემებით, ეკიდებიან ანუ არ რეაგირებენ მომხმარებლის მოთხოვნებზე. შესაძლებელია ოპერაციული სისტემის ჰიბერნიზაციის რეჟიმში გადაყვანაც. ჰიბერნიზაცია ნიშნავს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის ენერგოდამოუკიდებელ მოწყობილობაზე (მაგ. მყარი დისკი) გადატანას კომპიუტერის გამორთვამდე. დალოდების რეჟიმისგან განსხვავებით ელენერგის მიწოდება წყდება ბოლომდე, ხოლო ჩართვისას ოპერატიული მეხსიერების შიგთავსი აღდგება ბოლომდე და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს მუშაობა იმ ადგილიდან სადაც იგი გაჩერდა, რადგან ყველა ადრე გაშვებული პროგრამა აგრძელებს მუშაობას, იგი ძირითადად გამოიყენება პორტატული კომპიუტერებსათვის, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა არსებობს დესკტოპ კომპიუტერებშიც. ჰიბერნიზაციის რეჟიმში გადასასვლელად შევდივართ სტარტში, ვირჩევთ ShutDown ღილაკის მარჯვენა მხარეს არსებულ ისრის გამოსახულებიან ღილაკს და გამოსულ მენიუში ვირჩევთ Hybernate. Switch User, LogOff და Lock - როდესაც ოპერაციულ სისტემაში რეგისტრირებულია რამოდენიმე მომხმარებელი აქტუალური ხდება მომხმარებლიდან მომხმარებელზე გადართვა და ერთი მომხმარებლის გამოსვლა ოპერაციული სისტემიდან კომპიუტერის გამორთვის გარეშე. ამ მიზნებისათვის გამოიყენება ეს ღილაკები. LogOff - მომხმარებელს აძლევს მომხმარებელს საშუალებას დაასრულოს საკუთარი სეანსი, ანუ გამოვიდეს ოპერაციული სისტემიდან, თუმცა ამ დროს არ ხდება ოპერაციული სისტემის გამორთვა და სხვა მომხმარებელს საშუალება აქვს შევიდეს საკუთარ ექაუნთში და იმუშაოს. ღილაკი SwitchUser გამოიყენება მომხმარებლის გადასართავად, ანუ ერთი მომხმარებლის სამუშაო სივრციდან მეორე მომხმარებლის სამუშაო სივრცეში გადასასვლელად. გადართვის დროს წინა მომხმარებელი არ ასრულებს მუშაობას, იგი ისევ აქტიურია და შესაძლებელია მასზე დაბრუნება ხელახალი ჩატვირთვის ანუ გარკვეული დროის დაკარგვის გარეშე. ღილაკი Lock გამოიყენება მომხმარებლის მიმდინარე სესიის დაბლოკვისათვის, თუ მომხმარებლის ექაუნთი დაცულია პაროლით, მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო გახდება მისი შეყვანა. ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი. ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემებია Microsoft Windows, Apple Mac OS და Linux. თანამედროვე ოპერაციული სისტემები იყენებენ გრაფიკულ ინტერფეისს (GUI – Graphical User Interface). GUI იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ მაუსი და კლავიატურა ეკრანული ობიექტების მართვისათვის. ყველა ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი განსხვავებულია, მაგრამ შემუშავებულია ისე, რომ მაქსიმალურად მარტივი იყოს მოხმარებისათვის. არსებობს ოპერაციული სისტემები მობილური მოწყობილობებისათვისაც, მაგალითად IOS, Windows Phone, Google Android. ძალიან მოკლედ განვხილოთ Windows 7 ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი, მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილები: ძირითადი ეკრანი ანუ სამუშაო მაგიდა (Desktop), სასტარტო მენიუს გამშვები Start ღილაკი, ამოცანათა პანელი და სტანდარტული საქაღალდეები სამუშაო მაგიდაზე. Desktop-ი ჩვეულებრივი სამუშაო მაგიდის მსგავსად გამოიყენება სამუშაო ზედაპირად, გაშვებული პროგრამები და გახსნილი საქაღალდეები გამოიტანება მასზე, სამუშაო მაგიდაზე ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტების განლაგება.ამოცანათა პანელზე გამოტანილია გაშვებული პროგრამების გამოსახულებები, ღილაკი სტარტი და შეტყობინებების არეალი, სადაც როგორც წესი, ჩანს დრო, სხვადასხვა პროგრამების მდგომარეობა და კომპიუტერის ზოგიერთი პარამეტრი. სტარტ ღილაკი წარმოადგენს მომხმარებლის ძირითად დამაკავშირებელს პროგრამებთან, საქაღალდეებთან და სხვადასხვა პარამეტრებთან, მისი მეშვეობით შესაძლებელია პროგრამების გაშვება, ხშირად გამოყენებული საქაღალდეების გახსნა, ფაილების და საქაღალდეების მოძებნა, კომპიუტერის პარამეტრების კონფიგურაცია, კომპიუტერის გამორთვა. სამუშაო მაგიდის სტანდატრული საქაღალდეები: კომპიუტერი (Computer) – მისი მეშვეობით ვათვალიერებთ კომპიუტერის შიგთავსს, შეგვიძლია პროგრამების გაშვება, ფაილების კოპირება და ა.შ. დოკუმენტები – გამოიყენება მომხმარებლის მიერ შექმნილი სხვადასხვა პროგრამით შექმნილი სხვადასხვა ფაილის თავმოსაყრელად, ინტერნეტიდან გადმოტვირთული ფაილების შესანახად და ა.შ. ქსელური გარემოცვა (Network) – გამოიყენება ლოკალურ ქსელში ჩართულ კომპიუტერებზე წვდომისათვის, მათი ფაილების დასათვალიერებლად, გადმოსაწერად და სხვა ოპერაციების შესასრულებლად. სანაგვე ურნა (Recycle Bin) - გამოიყენება წაშლილი ფაილების გარკვეული პერიოდით შესანახად, მათი საჭიროების შემთხვევაში აღდგენის მიზნით. ობიექტებზე მანიპულაციები ხორციელდება კლავიატურის და ძირითადად თაგვის გამოყენებით. გახსნილი ობიექტები (საქაღალდეები, პროგრამები) Windows-ის ოპერაციულ სისტემაში წარმოდგენილია ფანჯრების სახით. ფანჯრების სამართავი ღილაკებით ხდება მისი ჩაკეცვა, გადიდება/დაპატარავება და დახურვა (ეს ღილაკი გამოიყენება ასევე გაშვებული პროგრამების უმეტესობის მუშაობის დასასრულებლად). თაგვითაა შესაძლებელი ფანჯრის გადაადგილება და მისი ზომების შეცვლა. სისტემის კონფიგურაციის განსაზღვრისა და რესურსების მართვის საშუალებები. პროგრამების ინსტალაცია. იმისათვის, რომ შევასრულოთ კომპიუტერზე რაღაც მოქმედება, მაგალითად დავხატოთ ნახატი, საჭიროა კომპიუტერში არსებობდეს შესაბამისი პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იქნება ამ მოქმედების შესასრულებლად. ხშირ შემთხვევაში ოპერაციული სისტემის დაყენებასთან ერთად ხდება საჭირო პროგრამების დაყენებაც (გრაფიკული პროგრამა Paint, ტექსტური რედაქტორი WordPad, ბრაუზერი Internet Explorer), მაგრამ არსებობს კიდევ სხვა უამრავი პროგრამა ან ოპერაციულ სისტემაში არსებულ პროგრამათა გაუმჯობესებული შემცვლელები, რომელთა ჩაწერაც კომპიუტერში ანუ ინსტალაცია ხდება მომხმარებლის მიერ. პროგრამის ოპერაციულ სისტემაში დასაყენებლად, დასაინსტალირებლად თითქმის არასდროს არის საკმარისი მისი მხოლოდ ინტერნეტიდან გადმოწერა და გაშვება. პროგრამათა უმრავლესობა ვრცელდება დაარქივებული (პაკეტების) სახით, მისი ნორმალური მუშაობისათვის საჭიროა ამოვაარქივოთ იგი და სწორად განვათავსოთ მყარ დისკზე. ამოარქივებისა და განთავსების პროცესი წარმოადგენს პროგრამის ინსტალაციას. პროგრამების დაყენების პროცესი, როგორც წესი, ძალიან მსგავსია სხვადასხვა პროგრამებისათვის, იმისათვის, რომ პროგრამის ინსტალაცია დავიწყოთ უნდა გავუშვათ პროგრამა, რომლის დასახელებაც ძირითადად ემთხვევა დასაინსტალირებელი პროგრამის სახელს, შეიძლება ერქვას ასევე Setup ან Install, ამის შემდეგ საჭიროა ვუპასუხოთ ინსტალატორის კითხვებზე და დავაწკაპუნოთ გაგრძელების ღილაკზე (Next). ინსტალაციის პროცესში ისმება კითხვები ძირითადად პროგრამის განთავსების ადგილთან დაკავშირებით (სტანდარტულად იწერება C: დისკზე Program Files საქაღალდეში), პროგრამის სხვა ინდივიდუალური პარამეტრების განსაზღვრასთან დაკავშირებით. ზოგიერთი პროგრამის მუშაობის გამართულობა დამოკიდებულია სხვა პროგრამების ოპერაციულ სისტემაში არსებობაზე, მაგალითად DirectX, Net Framework და ა.შ. ინსტალაციის პროცესში ინსტალატორი ამოწმებს ამ პროგრამების არსებობას და თუ ვერ აღმოაჩინა გვაძლევს შეტყობინებას შემდგომი მოქმედების რეკომენდაციით. პროგრამების ინსლატაცია სრულდება ძირითადად ღილაკით Finish, ზოგიერთმა პროგრამამ შეიძლება მოითხოვოს კომპიუტერის გადატვირთვა. პროგრამების დეინსტალაცია. ინსტალაციასთან ერთად რასაკვირველია შესაძლებელია არასაჭირო პროგრამების კომპიუტერიდან ამოშლა ანუ დეინსტალაცია. იმ საქაღალდის უბრალოდ წაშლა, სადაც ეს პროგრამაა განთავსებული არ ნიშნავს ამ პროგრამის დეინსტალაციას, შესაძლებელია დარჩეს ამ პროგრამის უამრავი ნაწილი ოპერაციულ სისტემაში განთავსებულ სხვადასხვა საქაღალდეში. პროგრამების ამოშლა ხდება სპეციალური მენეჯერის მეშვეობით. ამისათვის უნდა გავუშვათ მართვის პანელი, ავირჩიოთ პროგრამების ამოშლა და შეცვლა, მოვძებნოთ ჩვენთვის არასაჭირო პროგრამა და დავაწკაპუნოთ ღილაკზე დეინსტალაცია. დეინსტალაციის პროცესში შესაძლებელია გამოტანილ იქნას კითხვები პროცესთან დაკავშირებით და მის დასრულებას კომპიუტერი გვატყობინებს შესაბამისი შეტყობინებით. შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპიუტერის გადატვირთვაც. პროგრამის გაშვება/დახურვა. კომპიუტერში არსებული პროგრამების გაშვების რამოდენიმე გზა არსებობს, ყველაზე მარტივია პროგრამის გაშვება მისი სამუშაო მაგიდაზე არსებული პიქტოგრამის გამოყენებით, მასზე ორჯერ დაწკაპუნებით. პიქტოგრამები, როგორც წესი, სამუშაო მაგიდაზე ჩნდება პროგრამის ინსტალაციასთან ერთად. პროგრამის გაშვება შესაძლებელია სტარტ მენიუდანაც, თუ პროგრამა გამოტანილია ბოლოს გამოყენებული პროგრამების ჩამონათვალში საკმარისია მასზე მაუსით ერთჯერ დაწკაპუნება, თუ საჭირო პროგრამა აქ არ მოიძებნა მაშინ გადავდივართ პუნქტში All Programs და ვეძებთ მას ჩამონათვალში, აქ პროგრამები შეიძლება განთავსებული იყოს პირდაპირ ან პროგრამული პაკეტების საქაღალდეებში. მოძებნილი პროგრამის გაშვებაც ხორციელდება მასზე მაუსის ერთჯერ დაწკაპუნებით. პროგრამის გაშვების ერთ–ერთ მეთოდს წარმოადგენს მისი დასახელების საძიებო ველში აკრეფაც, თუ პროგრამის სახელი სწორადაა აკრეფილი გამოტანილი იქნება ზემოთ ჩამონათვალში. პროგრამების გაშვება შესაძლებელია ასევე მისი კომპიუტერში უშუალოდ განთავსების ადგილიდანაც, ანუ სავარაუდოდ C: დისკზე არსებულ Program Files საქაღალდიდან, სადაც საჭიროა პროგრამის საქაღალდის გახსნა და მასში გამშვები ფაილის მოძებნა, რომელის დასახელება ძირითად შემთხვევაში ემთხვევა პროგრამის სახელს და გამოსახულება მისი სამუშაო მაგიდაზე არსებული პიქტოგრამის გამოსახულებას, თუ შესაბამისი ფუნქცია ჩართულია - ფაილს უნდა ჰქონდეს .exe გაფართოება. პროგრამის დასახურად საკმარისია მოვძებნოთ X ღილაკი, რომელიც განლაგებულია პროგრამის ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში და დავაწკაპუნოთ მასზე. პროგრამა დაასრულებს მუშაობას პირდაპირ ან თუ მასში შესრულებული გვაქვს რაიმე მოქმედება და არ შეგვინახავს იგი გამოვა ფანჯარა შენახვის შეტყობინებით. თუ პროგრამა გაშვებულია მთელ ეკრანზე და არ არის გამოტანილი X ღილაკი, ამ შემთხვევაში მის დასახურად შეგვიძლია გამოვიყენოთ კლავიატურის ღილაკი Esc რომელზე დაწკაპუნებითაც სავარაუდოდ უნდა მოხდეს მენიუს გამოტანა ყველაზე ხშირ შემთხვევაში მასზე მითითებული ღილაკ Exit–ზე დაწკაპუნებით, თუმცა შეიძლება მითითებული იყოს მსგავსი შინაარსის სხვა დასახელების ღილაკებიც. პროგრამის დასრულების ალტერნატიულ ვარიანტებს წარმოადგენს ასევე alt-F4 ღილაკების კომბინაციის გამოყენება და პროგრამის დასრულება დავალებათა მენეჯერიდან (გამოტანა ხდება ctrl+alt+del ღილაკების კომბინაციით) და ამოცანათა პანელზე მის გამოსახულებაზე მარჯვენა ღილაკით გამოტანილ მენიუში პუნქტი Close Window-ს გამოყენებით. პროცესები და სერვისები. პროცესი წარმოადგენს კომპიუტერში მიმდინარე მომენტში გაშვებულ პროგრამას. პროგრამას და პროცესს შორის არის განსხვავება – პროგრამა წარმოადგენს კოდს (ბრძანებებისა და ინსტრუქციების ერთობლიობას), რომელიც ინახება ფაილის სახით, ხოლო პროცესი ეს არის მიმდინარე მომენტში გაშვებული პროგრამა მისთვის საჭირო ყველა რესურსთან ერთად. გაშვებული პროგრამები სრულდებიან სხვადასხვა პროცესებში, ზოგიერთი მათგანი იყენებს სისტემურ პროცესებს (პროცესები, რომლებიც გაშვებულია ოპერაციული სისტემის მიერ), ზოგიერთები ქმნიან საკუთარ პროცესებს. პროგრამამ შეიძლება შექმნას მრავალი პროცესი და ასევე გაუშვას და გამოიყენოს სისტემური პროცესები, ეს ნიშნავს, რომ პროცესების რაოდენობა კომპიუტერში უფრო მეტი იქნება ვიდრე გაშვებული პროგრამების რაოდენობა. პროცესების ნახვა შესაძლებელია Ctrl+Alt+Delete ღილაკზე დაწკაპუნებით, შემდეგ უნდა ავირჩიოთ Start Task Manager და გამოსულ ფანჯარაში გადავიდეთ ჩანართზე Processes. ყველა პროცესი იყენებს კომპიუტერის გარკვეულ რესურსს, რომელიც გამოტანილია აქვე (პროცესორის დატვირთვა, ოპერატიული მეხსიერების დატვირთვა). პრიორიტეტი. რა არის პრიორიტეტი. Windows წარმოადგენს მრავალდავალებიან ოპერაციულ სისტემას, ესე იგი ერთდროულად მასში შესაძლებელია მრავალი დავალების შესრულება, თუმცა ეს დავალებები ინაწილებენ ყველასთვის ხელმისაწვდომ ერთიან რესურსს და შესაძლებელია ერთმა ნაკლებად მნიშვნელოვანმა დავალებამ, რომელიც საჭიროებს ბევრ რესურსს გამოიწვიოს მისი ამოწურვა და შესაბამისად სხვა მნიშვნელოვან დავალებებს არ ექნებათ საშუალება იმუშაონ, სწორად ამ პრობლემის მოგვარების გამო არის შექმნილი პროცესების პრიორიტეტები, იგი ენიშნება ყველა პროცესს და რესურსების გადანაწილებაც იწარმოებს პრიორიტეტულობის შესაბამისად. პრიორიტეტის ნახვა შესაძლებელია დავალებათა მენეჯერში პროცესზე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით Set Priority პუნქტში: RealTime - ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, ანუ პროცესს აქვს განსაკუთრებული წვდომა რესურსებზე, მათ შორის სისტემისთვის გათვალისწინებულ რესურსებზეც. High – მაღალი, AboveNormal – ნორმალურზე მაღალი, Normal – ნორმალური, Below Normal - ნორმალურზე დაბალი, Low - დაბალი პრიორიტეტი. პროცესის დასასრულებლად საჭიროა პროცესზე მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნებით გამოსული მენიუდან ავირჩიოთ პუნქტი EndProcess. არის მეორე პუნქტიც End Process Tree, რომელიც დაასრულებს არა მარტო ამ პროცესს, არამედ მასთან ლოგიკურად დაკავშირებული პროცესების კომპლექსს, რომლებიც უზრუნველყოფენ მთავარი პროცესის შესრულებას. ანალოგიური მეთოდით არის შესაძლებელი გაშვებული პროგრამის დასრულებაც. აქვე ძალიან მოკლედ განვმარტოთ სერვისების ცნებაც. როგორც აღვნიშნეთ Windows წარმოადგენს ოპერაციული სისტემას, ანუ იგი არის სხვადასხვა პროგრამის პაკეტი, რომლებიც გათვალისწინებულია კომპიუტერის სამართავად. სისტემურ პროგრამებს ოპერაციულ სისტემაში უწოდებენ სერვისებს და თითოული მათგანი უზრუნველყოფს კონკრეტული, სპეციფიკური დავალების შესრულებას, სერვისებიც წარმოქმნიან პროცესებს, რომლებიც ასევე გამოტანილია დავალებათა მენეჯერში, უმეტესი მათგანის გაშვება ხორციელდება ოპერაციული სისტემის ჩატვირთვასთან ერთად და წარმოადგენენ კრიტიკულს ოპერაციული სისტემის გამართულად მუშაობისათვის. სტანდარტული პროგრამები. ოპერაციული სისტემა Windows 7 და ასევე სხვა ოპერაციული სისტემები სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის გარდა აღჭურვილია მრავალი საჭირო სტანდარტული პროგრამით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: Internet Explorer - ბრაუზერი, პროგრამა ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ iexplore). Calculator - საკმაოდ მრავალფუნქციური კალკულატორი გამოთვლების საწარმოებლად (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ calc). WordPad – Microsoft Word–ის გამარტივებული ვერსია ტექსტებთან სამუშაოდ (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ wordpad). Paint - გრაფიკული რედაქტორი, პროგრამა რასტრულ გამოსახულებებთან სამუშაოდ (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ paint). GamesExplorer - ქსელური და ინდივიდუალური თამაშები (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ games). Sound Recorder - პროგრამა ხმის ჩასაწერად, მასთან სამუშაოდ აუცილებელია მიკროფონის არსებობა (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ sound). Sticky Notes - სამუშაო მაგიდაზე ჩანაწერების, სტიკერების გასაკეთებლად (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ sticky). Media Player - პროგრამა აუდიო და ვიდეო ფაილების გასაშვებად (მისი სწრაფად გაშვებისათვის სტარტ მენიუში არსებულ საძიებო ველში ავკრიფოთ media). რესურსების და პარამეტრების მართვა.მყარი დისკის დეფრაგმენტაცია დეფრაგმენტაცია - ეს არის ფრაგმენტირებული ფაილების გაერთიანების პროცესი, კომპიუტერის უფრო ეფექტური და სწრაფი მუშაობისათვის. ფაილების ფრაგმენტაცია ხდება მათი შენახვის, შეცვლის ან წაშლის შემდეგ. ძალიან ხშირად ფაილი და მასში შეტანილი ცვლილებები შენახვის მოწყობილობაში (მყარი დისკი, მყარსხეულიანი დისკი) ინახება სხვადასხვა ადგილზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ამ მიზეზით ფრაგმენტირებული ხდება ძალიან ბევრი ფაილი, შემდგომში კი მათი დისკიდან წასაკითხად საჭიროა გაცილებით ბევრი დრო, რადგან ერთი ფაილის წასაკითხად საჭიროა ოპერაციულმა სისტემამ მიმართოს ბევრ სხვადასხვა ადგილს, ეს მნიშვნელოვნად ანელებს კომპიუტერის მუშაობას, ამიტომ საჭიროა ფრაგმენტირებული ინფორმაციის გაერთიანება დეფრაგმენტაცია, ამისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები დეფრაგმენტატორები, თუმცა არსებობს სტანდარტულიც, რომელიც შედის ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში. დეფრაგმენტაცია საჭიროა მხოლოდ მყარი დისკისათვის, მყარსხეულიანი დისკისათვის დეფრაგმენტაცია არ იძლევა ხელშესახებ ეფექტს, პირიქით ამცირებს მისი ექსპლოატაციის დროს. პროგრამის გასაშვება შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა მეთოდით, თუმცა ყველაზე მარტივს წარმოადგენს სტარტ მენიუს საძიებო ველში მისი დასახელების ნაწილის აკრეფა (defrag). პროგრამის გაშვების შემდეგ გამოსულ ფანჯარაში შეგვიძლია მოვნიშნოთ სასურველი დისკი (ყველაზე ხშირ შემთხვევაში დეფრაგმენტირდება ოპერაციული სისტემის შემცველი დისკი), დავაწკაპუნოთ ღილაკზე analyze disk - მოხდება დისკის გაანალიზება და გამოტანილი იქნება ფრაგმენტაციის ხარისხი, თუ დისკი ფრაგმენტირებულია დავაწკაპუნოთ ღილაკზე defragment disk და დაველოდოთ პროცესის დასრულებას. პროცესი შეიძლება დასრულდეს მალე, თუმცა დისკის მოცულობისა და ფაგმენტაციის ხარისხის გათვალისწინებით შესაძლებელია პროცესი გაგრძელდეს ხანგრძლივი პერიოდის, რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი. ეკრანის პარამეტრების განსაზღვრა. ეკრანის გაფართოება განსაზღვრავს ტექსტისა და გამოსახულების ხარისხს კომპიუტერის მონიტორზე, რაც მეტია გაფართოება, მით მეტია გამოსახულების დატალიზაცია, ამის გარდა გამოსახულებები ჩანს უფრო პატარა და შესაბამისად შესაძლებელია ეკრანზე უფრო მეტის დატევა. დაბალი გაფართოებების დროს ეკრანზე ეტევა ელემენტების შედარებით მცირე რაოდენობა, მაგრამ ისინი არიან უფრო დიდი ზომის და შესაბამისად კარგადაც ჩანან, თუმცა ძალიან დაბალი გაფართოების დროს გამოსახულებებს შეიძლება ჰქონდეს არასწორი გვერდები, არ გამოიყურებოდეს მკაფიოდ. მაგალითად 640x480 ეკრანის დაბალი გაფართოებაა, 1600x1200 მაღალია. საშუალოდ ითვლება გაფართოება 1024x768, უკანასკნელ დროს კი 1366x768. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თანამედროვე მონიტორებისათვის არსებობს რეკომენდირებული გაფართოება, გამოსახულების გამოტანის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, ანუ გაფართოება, რომელზეც გათვლილია კომპიუტერის მონიტორი. გაფართოების შესაცვლელად მაუსის მარჯვენა ღილაკით დავაწკაპუნოთ სამუშაო მაგიდაზე და გამოსულ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Personalize, გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ პუნქტი display, შემდეგ პუნქტი AdjustResolution, ავირჩიოთ სასურველი გაფართოება resolution ჩამოსაშლელ პუნქტში, არჩევის შემდეგ რა თქმა უნდა საჭიროა დავაწკაპუნოთ ღილაკზე ok. იმ გაფართოების არჩევისას, რომელიც არ არის მხარდაჭერილი მონიტორის მიერ, ეკრანი გაშავდება და გამოტანილი იქნება შესაბამისი შეტყობინება, რამოდენიმე წამის შემდეგ კი აღდგენილი იქნება საწყისი პარამეტრები. სისტემური პროცესის ავტომატიზაცია. ოპერაციულ სისტემა Windows 7-ში პროცესების ავტომატიზაციისათვის გამოიყენება Task Scheduler, იგი იძლევა საშუალებას დავნიშნოთ ავტომატურად შესასრულებელი დავალებები, რომელთა გაშვებაც მოხდება მითითებულ დროს ან რაიმე მოვლენის მოხდენის შემდეგ. განვიხილოთ მოკლედ მისი შესაძლებლობები: გასაშვებად საძიებო ველში ავკრიფოთ დასახელების საწყისი სიტყვა task, გამოსულ ჩამონათვალში ავირჩიოთ task sheduler და გავუშვათ. გამოსულ ფანჯარაში, მარჯვენა მხარეს, ავირჩიოთ პუნქტი Create Basic Task (მარტივი დავალების შექმნა), ავირჩიოთ სახელი დავალებისათვის და გადავიდეთ შემდეგ ჩანართზე Next ღილაკის გამოყენებით, ავირჩიოთ პერიოდულობა დავალების შესრულებისათვის: ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, ერთჯერადი, როდესაც კომპიუტერი ჩაირთობა, როდესაც მომხმარებელი გაააქტიურებს ექაუნთს, როდესაც მოხდება სპეციფიკური მოვლენა. შემდეგ ჩანართზე შესაძლებელია ავირჩიოთ დაწყების დრო და საათი, ავირჩიოთ მოქმედება, რომელის შესრულებაც გვსურს: პროგრამის გაშვება, ელექტრონული ფოსტის გაგზავნა, შეტყობინების სამუშაო მაგიდაზე გამოტანა და ავირჩიოთ პროგრამა, რომლის გაშვებაც გვსურს, გადავიდეთ შემდეგ ჩანართზე და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Finish. ყველა, მათ შორის ჩვენს მიერ შექმნილი დავალების სანახავად უნდა დავაწკაპუნოთ მარცხენა მხარეს Task Scheduler Library ღილაკზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ ჩვენს მიერ შერჩეული პროგრამა, ამ შემთხვევაში კალკულატორი, გაიშვებს ჩვენს მიერ მითითებულ დროს, მითითებული პერიოდულობით. მოწყობილობათა პარამეტრების ნახვა მოწყობილობათა პარამეტრების სანახავად გამოიყენება ჩანართი Manage, მისი მოძებნა შესაძლებელია კომპიუტერის გამოსახულების მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გამოსულ მენიუში. მასზე დაწკაპუნებით გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც, მარცხენა მხარეს უნდა ავირჩიოთ Device Manager და გამოტანილი იქნება ყველა იმ მოწყობილობის ჩამონათვალი, რომელიც მიერთებულია კომპიუტერზე. მოწყობილობები დალაგებულია კატეგორიების მიხედვით, კატეგორიების გახსნა შესაძლებელია სამკუთხედის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით. მოწყობილობის პარამეტრების უფრო დეტალურად დასათვალიერებლად საჭიროა მოვნიშნოთ იგი და მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოტანილ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი properties. გამოსულ ფანჯარაში მოცემული იქნება ინფორმაცია რამდენიმე ჩანართში, რომელთა დათვალიერებაც შეგვიძლია ჩანართის სათაურზე დაწკაპუნებით. სისტემის შესახებ ინფორმაციის სანახავად საძიებო ველში ავკრიფოთ msinfo32. ფაილის ტიპები, ფაილის ატრიბუტები, სისტემური ფაილები. ყველა ინფორმაცია, რომელიც კი კომპიუტერში ინახება, შენახულია ფაილების ფორმით. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც შეიცავენ ფაილები ისინი შეიძლება არსებობდნენ სხვადასხვა ტიპის, მაგალითად აუდიოფაილები, ვიდეოფაილები, ტექსტური ფაილები და გამოსახულებების ფაილები. ერთი და იგივე ტიპის ფაილები შეიძლება წარმოდგენილ იქნას სხვადასხვა ფორმატში. ფაილის ფორმატი გამოისახება მის სახელში, ნებისმიერი ფაილის სახელი შედგება ორი ნაწილისაგან და გამოიყურება ასე სახელი.გაფართოება. მაგალითად image.jpg - არის გამოსახულების ფაილი, ანგარში.docx – ტექსტური ფაილი და ასე შემდეგ. ჩვენ ძირითადად ვხედავთ ფაილის სახელის მხოლოდ პირველ ნაწილს, რადგან მეორე ნაწილი გამოიყენება პროგრამების და ოპერაციული სისტემების მიერ და ძირითად შემთხვევაში არ წარმოადგენს ინტერესის საგანს ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის, ამიტომ ოპერაციული სისტემა მალავს მას ჩვენგან. მეორე ნაწილს ეწოდება ფაილის გაფართოება და იგი ძირითადად შედგება ოთხი-ხუთი სიმბოლოსგან (წერტილი და ლათინური ანბანის ასოები ან ციფრები), არსებობს გაფართოებების ძალიან ბევრი ტიპი, ყოველი მათგანის განხილვა შეუძლებელია და არც არის საჭირო, არსებობენ სტანდარტული და საყოველთაოდ ცნობილი გაფართოების ტიპები, ისინი არც ისე ბევრია და მის მიხედვით ძალიან მარტივად შეიძლება ფაილის ტიპის ამოცნობა. როგორ იყენებს მათ ოპერაციული სისტემა. საქმე იმაშია, რომ ოპერაციულ სისტემა ვინდოუსს აქვს ერთი დიდი მონაცემთა ბაზა, რომელსაც ეწოდება რეესტრი, ამ ბაზაში ინახება სხვადასხვა ინფორმაცია ოპერაციული სისტემის პარამეტრების შესახებ, პროგრამების შესახებ, რომელიც დაინსტალირებულია ოპერაციულ სისტემაში, როდესაც ყენდება ახალი პროგრამა კომპიუტერში, ის ანთავსებს ინფორმაციას თავის შესახებ რეესტრში, კერძოდ ინფორმაციას იმ ფაილების ფორმატების შესახებ, რომელთანაც შეუძლია იმუშაოს პროგრამამ, ამის შედეგად ვინდოუსში გროვდება ფაილების გაფართოებების მთელი კარტოთეკა და ასევე პროგრამების, რომელთაც შეუძლიათ იმუშაონ მათთან, ანუ ოპერაციული სისტემა აკეთებს ფაილის პროგრამებთან ასოცირებას, ასე რომ როდესაც მომხმარებელი დააპირებს რაიმე გაფართოების ფაილის გაშვებას - კომპიუტერი მოძებნის შესაბამის პროგრამას და გახსნის მას ამ პროგრამაში, იმ შემთხვევაში თუ ერთი და იგივე ტიპის ფაილის გახსნა შეუძლია რამდენიმე პროგრამას ოპერაციული სისტემა დანიშნავს ერთ-ერთს როგორც ძირითადს და ყოველთვის ხსნის მას ამ პროგრამაში სანამ მომხმარებელი არ აირჩევს სხვას. ფაილის სხვა პროგრამასთან ასოცირებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ფაილზე მარჯვენა ღილაკით გამოსული მენიუდან პუნქტი open with შემდეგ choose default program, გამოსულ ფანჯარაში მოვნიშნოთ სასურველი პროგრამა და ჩავრთოთ ნაგულისხმევად დატოვების მონიშვნა. Ok ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ აღნიშნული ტიპის ფაილები ყოველთვის გაიხსნება ჩვენს მიერ არჩეული პროგრამის მეშვეობით. ფაილების ტიპებთან ასოცირებული პროგრამების ჩამონათვალი ფაილის მეტამონაცემები და ატრიბუტები. ფაილის ატრიბუტები - მეტამონაცემები, რომლებიც აღწერენ ფაილს. ატრიბუტები განიხილება სხვა მეტამონაცმებისაგან დამოუკიდებლად, როგორებიცაა ფაილის შექმნის დრო და თარიღი, ფაილის მესაკუთრის სახელი, ზომა, ფაილზე წვდომის მეთოდი და უფლება, ატრიბუტები მიუთითებენ სისტემას რა შეიძლება გაკეთდეს აღნიშნულ ფაილთან დაკავშირებით. ფაილების მეტამონაცემების და ატრიბუტების სანახავად უნდა შევიდეთ მარჯვენა ღილაკით გამოსულ მენიუში Properties. ჩანართში Details შეგვიძლია ვიხილოთ დეტალური ინფორმაცია ფაილის შესახებ, ხოლო ჩანართიში General შეიძლება ვნახოთ ფაილის პროგრამასთან ასოცირების, დისკზე განთავსებისა და ზომის, შექმნის, მოდიფიცირების, უკანასკნელად გახსნის თარიღი და ასევე ატრიბუტები არის თუ არა მხოლოდ წაკითხვის უფლების ან დამალული. პუნქტი read-only – თუ ავირჩევთ შესაძლებელი იქნება მისი მხოლოდ წაკითხვა, აიკრძალება ფაილში ცვლილებების შეტანა, ეს მოხერხებულია როდესაც საჭიროა ფაილი გადავუგზავნოთ სხვა მომხმარებელს მხოლოდ წასაკითხად. თუ აირჩევთ ღილაკს hidden ფაილი გაქრება და მისი დანახვა საჭიროებს სპეციალურ მოქმედებას. კერძოდ გავხსნათ საქაღალდე Computer, შევიდეთ პუნქტში Organize, შემდეგ File and search options, ჩანართში View მოვნიშნოთ პუნქტი Show hiden files, folders and drives და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Ok. დაფარული ფაილი გამოჩნდება. ფაილის დაფარვის გასაუქმებლად უნდა მოვხსნათ მონიშვნა ატრიბუტს Hiden და ასევე სასურველი იქნებოდა თუ პუნტს Show hiden files, folders and drives–ს შევცვლით მისი საწყისი მნიშვნელობით, კერძოდ პუნქტით Don’t show hiden files, folders and drives. დამატებითი ატრიბუტების დასაყენებლად უნდა შევიდეთ მენიუში Advanced. დამატებითს მიეკუთვნება ატრიბუტები ინდექსირებისა და არქივირებისათვის, ასევე შეკუმშვისა და შიფრირებისათვის. თუ გსურთ ადგილის ეკონომია ან ფაილის შიფრირება შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი ღილაკები. სისტემური ფაილი, ეს არის ნებისმიერი ფაილი კომპიუტერში, რომლის დანიშნულებაა ოპერაციულის სისტემის სწორი ფუნქციონირება, სისტემური ფაილები ძირითადად განლაგებულია საქაღალდეში Windows და საქაღალდეში Program Files. არ შეიძლება სისტემური ფაილების გადადგილება, წაშლა, გადარქმევა, თორემ შესაძლებელია ოპერაციული სისტემა აღარ ჩაიტვირთოს. ხშირ შემთხვევაში სისტემური ფაილების გაფართოებაა .sys, ასევე სისტემურს წარმოადგენს ნებისმიერი ფაილი, რომლის ატრიბუტიცაა „სისტემური“, ისინი, როგორც წესი, დაფარულია მომხმარებლისაგან. განვიხილოთ მნიშვნელოვანი სისტემური ფაილები: Pagefile.sys. ეს არის ფაილი, რომელსაც ასევე ეძახიან ვირტუალურ მეხსიერებას, ეს ფაილი ეხმარება ოპერაციულ სისტემას იმ დროს, როდესაც სისტემაში ამოიწურება ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, აქ ოპერაციული სისტემა ოპერატიული მეხსიერებიდან გადატვირთავს ყველაფერს, რაც არ ეტევა ოპერატიულ მეხსიერებაში, გადატანის დროს აირჩევს იმ ინფორმაციას, რომელიც უფრო ნაკლებად გამოიყენება ან გამოიყენებოდა ყველაზე გვიან. ამ მოქმედებას აქვს შემდეგი უპირატესობა: სისტემას შეუძლია გამოიყენოს უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება ვიდრე ფიზიკურად აყენია კომპიუტერზე, მომხმარებელს შეუძლია გაუშვას უფრო მეტი პროგრამა, კომპიუტერი რა თქმა უნდა იმუშავებს შედარებით ნელა, მაგრამ არ გაითიშება და ექნება შესაძლებლობა იმუშაოს თუმცა ნელა, მაგრამ მაინც იმუშაოს. იგი ინახება პირდაპირ სისტემურ, ძირითადად C: დისკზე და არის დაფარული (Hidden). Hiberfil.sys. ფაილი, რომელიც იქმნება ოპერაციული სისტემის მიერ ძილის რეჟიმის კორექტული მუშაობისათვის. როცა ოპერაციული სისტემა გადადის ჰიბერნაციის რეჟიმში, კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში არსებული ყველა ინფორმაცია გადანაცვლდება ფაილში Hiberfil.sys, კომპიუტერის ძილის რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ კი იგი ისევ გადაიტვირთება საჭირო ადგილას ოპერატიულ მეხსიერებაში და კომპიუტერი გააგრძელებს მუშაობას ისე, თითქოს არ გამორთულა, იგი ინახება პირდაპირ სისტემურ, ძირითადად C: დისკზე და არის დაფარული (Hidden). Config.sys. ოპერაციული სისტემის კონფიგურაციის ფაილი, ეს არის ტექსტური ფაილი, რომელიც შეიცავს სისტემის მოწყობის დირექტივებს და დრაივერების ჩატვირთვის ბრძანებებს, იგი ინახება პირდაპირ სისტემურ დისკზე, ძირითადად C: დისკზე და არის დაფარული (Hidden). ფაილების/საქაღალდეების გაზიარება. გაზიარება - კომპიუტერში არსებული ფაილების და საქაღალდეების კომპიუტერულ ქსელში სხვა მომხმარებლებისათვის საერთო სარგებლობაში წარდგენაა. შესაძლებელია ფაილზე/საქაღალდეზე წვდომა მიეცეს მომხმარებლების გარკვეულ წრეს ან გარკვეულ კომპიუტერებს, შესაძლებელია ფაილზე წვდომის სხვადასხვა დონეების განსაზღვრაც (მხოლოდ წაკითხვა, წაკითხვა და შეცვლა და ა.შ.). ფაილის ან საქაღალდის გაზიარებისათვის საჭიროა მასზე თაგვის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნებით გამოტანილ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Share with, გამოსულ მენიუში პუნქტი Specific people ჩამოსაშლელ ველში ავირჩიოთ საჭირო მომხმარებელი ან უბრალოდ Everyone ანუ წვდომა ყველასათვის, დავაწკაპუნოთ ღილაკზე Add (დამატება), განვსაზღვროთ წვდომის დონე: წაკითხვა ან წაკითხვა/ჩაწერა. მესამე პუნქტი გამოიყენება წასაშლელად. Share ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ, ვინაიდან გასაზიარებელი ფაილი განთავსებული იყო სამუშაო მაგიდაზე, რომელიც ოპერაციული სისტემისათვის წარმოადგენს საქაღალდეს სახელად Desktop, გამოდის გაფრთხილება, რომ ფაილის გაზიარების შემთხვევაში გაზიარდება აღნიშნული საქაღალდეც ანუ სხვა მომხმარებლებს ექნებათ საშუალება დაამატონ ფაილები მასში. დავაწკაპუნოთ ღილაზე Next და გამოსული ფანჯარა გვატყობინებს, რომ ფაილი გაზიარებულია და მისი გახსნა შეუძლიათ სხვა მომხმარებლებს მითითებული მისამართის გამოყენებით. ანალოგიურად მარტივი და უფრო მიზანშეწონილია საქაღალდეების გაზიარება. გაზიარების გაუქმებისათვის საჭიროა წავშალოთ ჩვენს მიერ ფაილის გაზიარების დროს დამატებული წვდომა ყველასათვის (everyone) ან ფაილზე ან საქაღალდეზე დავაწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით, გამოსულ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი Share Width და კიდევ დამოსულ მენიუში პუნქტი Nobody. ფაილის გაზიარება შეწყდება. ფაილების დაარქივება. არქივაცია არის მონაცემების პერეკოდირება მისი ზომის შემცირების მიზნით, თუმცა აღნიშნული შეეხება ძირითადად ტექსტურ ფაილებს, რადგან ვიდეო ან გამოსახულებების ფაილების არქივაცია მათ ზომას ხელშესახებად არ ამცირებს. გარდა ზომის შემცირებისა არქივაცია გამოიყენება სხვა მიზნებითაც. მაგალითად ფაილების შენახვის მიზნით, რადგან ფაილების არქივაციის დროს კეთდება მათი ასლი და ისინი გაერთიანებულნი არიან ერთ მთლიანობაში, ერთი საქაღალდის მსგავსად, შექმნილი არქივი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ვირუსებისათვის, რის გამოც ისინი თითქმის ვერ ახორციელებენ მის მოდიფიცირებას და დაზიანებას. ესევე სწრაფად ხდება დაარქივებული ფაილის გადაწერა–გადმოწერა, გაადვილებულია დაარქივებული ფაილების ინტერნეტის მეშვეობით გადაგზავნა–მიღება, უფრო ნაკლებია შანსი არქივში შემავალი ფაილების დაზიანებისა, ამის გამო ინტერნეტში ფაილების უმეტესობა დაარქივებული სახით მოიპოვება. ფაილების არქივაციისათვის არსებობს უამრავი პროგრამა. ძალიან მოკლედ განვიხილოთ პროგრამა WinRar–ის შესაძლებლობები. ფაილის ან საქაღალდის დაარქივების მიზნით საჭიროა გამოვიტანოთ მისი კონტექსტური მენიუ და ჩამონათვალში ავირჩიოთ პუნქტი WinRar->Add to archive... ან პირდაპირ Add to ფაილის სახელი. Add to archive… დაწკაპუნების შემთხვევაში გამოტანილ ფანჯარაში შეგვიძლია შევცვალოთ არქივის დასახელება გაფართოების შეუცვლელად. განვსაზღვროთ არქივაციის ფორმატი RAR, RAR 5, Zip, შევცვალოთ კომპრესიის ანუ შეკუმშვის ხარისხი, მენიუში არქივაციის დონეები მოცემულია დაბლიდან (Store) ანუ არქივაციის გარეშე -საუკეთესომდე Best ანუ ფაილის ზომის მაქსიმალურად შემცირება, თუმცა არქივაციის მეთოდი განსაზღვრავს დროს იმ მონაკვეთს, რომელიც საჭიროა არქივის ფაილის მისაღებად, რაც უფრო მაღალი იქნება არქივაციის დონე მით მცირე გამოვა დაარქივებული ფაილი, მაგრამ მის დამზადებას დასჭირდება უფრო დიდი დრო. ძირითად შემთხვევებში სრულებით საკმარისია არქივაციის სტანდარტულად შემოთავაზებული მეთოდი normal. შეგვიძლია ასევე ავირჩიოთ პაროლი დაარქივებული ფაილისათვის set password ღილაკზე დაწკაპუნებით, რომელიც მოთხოვნილი იქნება კომპიუტერის მიერ ფაილის გახსნის დროს. WinRar-ით შექმნილ ფაილს აქვს ერთმანეთზე დაწყობილი წიგნების ფორმა, იგი შეიცავს დაარქივებულ ფაილებს და მისი ამოარქივება შესაძლებელია კონტექსტური მენიუდან პუნქტის Extract Files, Extract Here ან Extract to საქაღალდის სახელი არჩევით. პირველ შემთხვევაში გამოტანილი იქნება დიალოგური ფანჯარა გახსნის პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციებით, მეორე შემთხვევაში არქივის გახსნა მოხდება პირდაპირ იმ ადგილზე სადაც დაარქივებული ფაილია, ხოლო მესამე შემთხვევაში შეიქმნება საქაღალდე პუნქტზე მითითებული სახელით (ამ შემთხვევაში „ანგარიში“) და მოხდება არქივის ამ საქაღალდეში გახსნა. საქაღალდეები, მოქმედებები ფაილებთან და საქაღალდეებთან საქაღალდეები წარმოადგენენ კონტეინერებს ფაილებისათვის. ნებისმიერი ფაილი ნახება საქაღალდეში ან ჩადგმულ საქაღალდეში (საქაღალდე რომელიც განთავსებულია სხვა საქაღალდეში). შეგვიძლია შევასრულოთ გარკვეული მოქმედებები ფაილებზე და საქაღალდეებზე, უმეტესობა მათგანი სრულდება კონტექსტური მენიუდან, მაგალითად შეგვიძლია წავშალოთ (Delete), გადავარქვათ სახელი (Rename), გავხსნათ (Open), დავაარქივოთ ოპერაციულ სისტემაში სტანდარტული არქივატორით ან გადავგზავნოთ სხვა მისამართზე (SendTo), ამოვჭრათ (Cut), დავაკოპიროთ (Copy) და გავაზიაროთ (Share with). წაშლილი ფაილები და საქაღალდეები ავტომატურად იგზავნება სპეციალურ საქაღალდეში დასახელებით Recycle Bin. წაშლილი საქაღალდის ან ფაილის აღსადგენად საჭიროა გავხსნათ საქაღალდე Recycle Bin, მოვნიშნოთ წაშლილი ფაილი და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Restore this item. შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ფაილის ან საქაღალდის აღდგენაც. ფაილების კოდირება ASCII და Unicode. ციფრებთან ერთად კომპიუტერის მონიტორზე საჭიროა მრავალი სხვა სიმბოლოს გამოტანაც, ხოლო თითოული სიმბოლოს გამოსატანად საჭიროა გარკვეული მანქანური კოდი, რომელიც შეესაბამება ამ სიმბოლოს და გარკვეული წესი, რომლის მიხედვითაც მოხდება თითოული სიმბოლოს ეკრანზე გამოტანა. პირველ კომპიუტერებს ჰქონდათ ძალიან მწირი რესურსები, პროგრამისტები იძულებულნი იყვნენ მაქსიმალურად კომპაქტურად გამოეყენებინათ ისინი, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სავსებით საკმარისი იქნებოდა თუ შექმნიდნენ სიმბოლოების ციფრებთან შესაბამისობის ცხრილს 0–დან 27 ხარისხამდე პოზიციით ანუ სულ გამოიყენებდნენ 128 პოზიციას. შესაბამისობის ამ ცხრილს ეწოდა ASCII (American Standard Code for Information Interchange), თუმცა სულ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ 128 სიმბოლო არ იყო საკმარისი და საჭირო გახდა ცხრილის გაფართოება, შექმნა „გაფართოებული ASCII“, რომელშიც მონაცემების შესაბამისობისათვის გამოიყენებოდა უკვე 28 ხარისხი სიმბოლოთა რაოდენობა ანუ 256 სიმბოლო. გაფართოებული ASCII-ში დამატებულ კიდევ 128 პუნქტში თავსდებოდა მსოფლიოს სხვა დამწერლობების ასოები, ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისურ–ლათინური ტექსტი ცალსახად წაიკითხებოდა ნებისმიერი შრიფტით და ნებისმიერ კომპიუტერზე, ხოლო ნაციონალური დამწერლობებისათვის საჭირო იყო დადგენილიყო თუ რომელი შრიფტი იქნებოდა მორგებული, თუმცა ისეთი ენებისათვის, როგორებიცაა მაგალითად ჩინური და იაპონური, ყველა სიმბოლოს გამოსატანად არც 256 სიმბოლოა საკმარისი. უხილავი სიმბოლოები – გამოიყენება მოწყობილობების სამართავად, მონაცემთა გადაცემის ორგანიზებისათვის და სხვა დანიშნულებებით. ASCII შეიქმნა ინფორმაციის ტელეტაიპის მეშვეობით გაცვლისათვის, ამიტომ მის შემადგენლობაში ჩართული იქნა ისეთი სიმბოლოებიც, რომლებიც არ იბეჭდებიან, მონიტორის ეკრანზე არ გამოიტანებიან, ეს სიმბოლოები თავდაპირველად გამოიყენებოდა ტელეტაიპის მოწყობილობის მართვისათვის (მაგალითად SOH, 01 - სათაურის დასაწყისი, STX, 02 - ტექსტის დასაწყისი, ETX, 03 - ტექსტის დასასრული, HT, 09 – ჰორიზონტალური ტაბულაცია და ა.შ.), დღეისათვის ამ დანიშნულებით გამოიყენება ფაილების ფორმატები, მოწყობილობების მართვის ენები (მაგ. PostScript), ქსელური პროტოკოლები, ამიტომ ბევრი მმართველი სიმბოლო დღეისათვის ან საერთოდ აღარ გამოიყენება, ან გამოიყენება არადანიშნულებით. უხილავ სიმბოლოებს შეიცავს როგორც ASCII ისე Unicode კოდირებები. 1991 წლის იანვარში შექმნა კონსორციუმი UNICODE, კონსორციუმმა, რომელშიც ნებაყოფლობით მონაწილეობენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები, შექმნა მსოფლიოს ხალხთა დამწერლობებისათვის ერთიანი, უნიფიცირებული 8/16/32 ბიტიანი სტანდარტი UTF-8, UTF-16 და UTF-32. უნიკოდში ყოველი ცალკეული ენის დამწერლობას გამოეყო საკუთარი ბლოკი, ქართულს გამოყოფილი აქვს U+10A0-დან U+10FF-მდე (რიცხვები მოცემულია თექვსმეტობით ათვლის სისტემაში). Unicode შრიფტების განსხვავება ASCII შრიფტებისაგან არის ის, რომ უნიკოდ შრიფტები მრავალდამწერლობიანია – ერთი შრიფტი ემსახურება მრავალ ენას და შეიცავს მრავალი დამწერლობის სიმბოლოს. ქართული უნიკოდ შრიფტები, რომლებიც ინტეგრირებულია Windows 7 ოპერაციულ სისტემაში არის Sylfean და Arial Unicode MS. მომხმარებლები ოპერაციულ სისტემაში. კომპიუტერში, ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩაწერილია ერთი ოპერაციული სისტემა, რომელიც საჭიროა კომპიუტერსა და მომხმარებელს შორის ურთიერთქმედებისათვის, თუმცა ერთ კომპიუტერს საკუთარი საჭიროებისათვის შეიძლება იყენებდეს რამოდენიმე ადამიანი ანუ მომხმარებელი, ბევრი მომხმარებლის ერთ კომპიუტერთან მუშაობა იწვევს გარკვეულ პრობლემებს: შესაძლებელია მომხმარებლებმა შემთხვევით წაშალონ სხვა მომხმარებლების ფაილები, გარკვეული პროგრამები მოარგონ თავის საჭიროებებს, რომლებიც სხვა მომხმარებლებისათვის შეიძლება სულაც არ იყოს კომფორტული და მოსახერხებელი, ამის გამო Windows ოპერაციული სისტემა იძლევა საშუალებას ყველი მომხმარებლისათვის შეიქმნას სააღრიცხვო ჩანაწერი – ექაუნთი, რომელიც ყველა მომხმარებელს მისცემს საშუალებას გაემიჯნოს სისტემის სხვა მომხმარებელს, მოარგოს ოპერაციული სისტემა თავის საჭიროებებს. ექაუნთი წარმოადგენს მონაცემების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ რომელ საქაღალდესთან და ფაილთან აქვს წვდომა მომხმარებელს, რა ცვლილებების შეტანა შეუძლია მას კომპიუტერის მუშაობაში და ასევე შესაძლებლობას განსაზღვროს კომპიუტერის პერსონალური პარამეტრები, მაგალითად ეკრანის ფონი. ექაუნთი არის ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ცნობებს მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის, ექაუნთზე წვდომისათვის მომხმარებელს ესაჭიროება მომხმარებლის სახელი და პაროლი. არსებობს სამი ტიპის ექაუნთი, თითოეული აძლევს მომხმარებელს კომპიუტერთან მუშაობის სხვადასხვა შესაძლებლობებს: – ჩვეულებრივი ექაუნთები, გათვალისწინებულია ყოველდღიური სტანდარტული საქმიანობისათვის, მომხმარებელს შეუძლია გაუშვას და იმუშაოს პროგრამების უმეტესობასთან, შეცვალოს ოპერაციული სისტემის პარამეტრები, ოღონდ მხოლოდ ისინი, რომლებიც არ მოქმედებენ კომპიუტერის უსაფრთხოებასა და სხვა მომხმარებლების პარამეტრებზე. მათთვის მიუწვდომელი იქნება მართვის პანელის ზოგიერთი ინსტრუმენტი და ასევე მათ არ შეეძლებათ იმუშაონ პროგრამებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ოპერაციული სისტემის მუშაობაზე. – ადმინისტრატორის ექუნთი, აძლევს მომხმარებელს კომპიუტერზე სრულ კონტროლს და გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, – სტუმრის ექაუნთი, ყველაზე შეზღუდული ტიპი, გათვალისწინებულია კომპიუტერთან დროებით მუშაობისათვის. ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის შექმნა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, როგორც სამუშაო ჯგუფში და საშინაო ჯგუფში გაერთიანებული მომხმარებლების, ასევე იმ კომპიუტერებისთვის, რომლებიც შედიან დომენის შემადგენლობაში. დომენები, სამუშაო ჯგუფები, საშინაო ჯგუფები წარმოადგენენ კომპიუტერების ქსელში ორგანიზების სხვადასხვა მეთოდს, ძირითადი განსხვავება მათ შორის არის ის თუ როგორ ხორციელდება კომპიუტერის და სხვა რესურსების მართვა. სამუშაო ჯგუფი – ქსელში ჩართული კომპიუტერების ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად იყენებენ რესურსებს. სამუშაო ჯგუფი იქმნება ავტომატურად ქსელის გამართვის დროს. ყველა კომპიუტერი არის თანაბარი და არც ერთს არ შეუძლია გააკონტროლოს სხვა კომპიუტერი. თითოულ კომპიუტერში შეიძლება იყოს შექმნილი მომხმარებლის ექაუნთები. საშინაო ჯგუფი – კომპიუტერები მიეკუთვნებიან სამუშაო ჯგუფს, მაგრამ შეიძლება მიეკუთვნებოდნენ საშინაო ჯგუფსაც, მის მეშვეობით შესაძლებელია სხვა კომპიუტერებში არსებულ მუსიკასთან, ვიდეოებთან, სურათებთან წვდომა შედარებით მარტივად. დომენი – ეს არის ერთ ქსელში ჩართული კომპიუტერების ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცენტრი, ერთი ან რამდენიმე სერვერი, იყენებენ მომხმარებელთა ერთიან ბაზას, ერთიან ჯგუფურ და ლოკალურ პოლიტიკას, უსაფრთხოების ერთიან პარამეტრებს და სხვა პარამეტრებს, ეს მეთოდი მნიშვნელოვნად ამარტივებს ქსელის ადმინისტრირებას თუ მასში ჩართულია ბევრი კომპიუტერი. სამუშაო ან საშინაო ჯგუფის კომპიუტერებში მომხმარებლის ექაუნთის შექმნა შესაძლებელია შემდეგი წესით: სტარტ მენიუში ავირჩიოთ Control Panel და გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ მომხმარებლების ექაუნთები, გადავიდეთ სხვა ექაუნთის მართვის ჩანართში და დავაწკაპუნოთ ექაუნთის შექმნას. შევიყვანოთ ექაუნთის სახელი, ავირჩიოთ ექაუნთის ტიპი და დავაწკაპუნოთ ღილაკზე მომხმარებლის შექმნა, ექაუნთის პარამეტრების სანახავად და შესაცვლელად საჭიროა ისევ შევიდეთ ექაუნთების მართვაში, ავირჩიოთ სასურველი ექაუნთი: გამოსულ ფანჯარაში შეგვიძლია დავარედაქტიროთ ჩვენთვის სასურველი პარამეტრები: Change the account name - შესაძლებელია მომხმარებლის სახელის შეცვლა, Create password - შესაძლებელია პაროლის დაყენება მომხმარებლისათვის, რომელიც მოთხოვნილი იქნება ოპერაციულ სისტემაში შესვლის ან ამ მომხმარებლის სახელით რაიმე მოქმედების შესრულების დროს, Change the picture – სურათის დაყენება მომხმარებლისათვის, Set up parental control – მშობლის კონტროლი, ანუ არჩეული ექაუნთისათვის სხვადასხვა დამატებითი შეზღუდვების დაწესება, მაგალითად დროის კონტროლი (რომელ დღეს და რომელ საათებში შეეძლება მომხმარებელს შესვლა, რომელი თამაშების გაშვება შეეძლება და რომელი პროგრამების გაშვება შეეძლება), Change the account type – ექაუნთის ტიპის შეცვლა ადმინისტრატორიდან ჩვეულებრივ მომხმარებლამდე და პირიქით, Delete account – ექაუნთის წაშლა, Manage other account - სხვა ექაუნთებზე დაბრუნება. როდესაც ოპერაციულ სისტემაში რეგისტრირებულია რამდენიმე მომხმარებელი, კომპიუტერის ჩართვისას, ოპერაციულ სისტემაში შესვლის ფაზაზე გამოტანილი იქნება გამოსახულებები შესაბამისი მომხმარებლების დასახელებით, ექაუნთის გასააქტიურებლად საჭიროა არჩეულ გამოსახულებაზე დაწკაპუნება, ხოლო თუ ექაუნთი დაცულია პაროლით ამ შემთხვევაში ოპერაციული სისტემის მიერ მოთხოვნილი იქნება პაროლის შეყვანა, მისი შეყვანის შემდეგ საჭიროა გადასვლის ან კლავიატურის enter ღილაკზე დაწკაპუნება. აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია. აუთენტიფიკაცია – ეს არის პროცესი, რომელიც გამოყენება მომხმარებლის ნამდვილობის დადგენისათვის მისი კომპიუტერულ სისტემასთან და დამატებით სისტემურ რესურსებთან მუშაობის დროს, იგი ძირითადად ხორციელდება მის მიერ შეყვანილი პაროლის ოპერაციული სისტემის მონაცემთა ბაზაში შენახულ პაროლთან შედარების გზით. ოპერაციულ სისტემაში აუთენტიფიკაცია შესაძლებელია როგორც პაროლით, ასევე სხვა საშუალებებით, მაგალითად ლეპტოპების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია თითის ანაბეჭდის საფუძველზე. ავტორიზაცია – გარკვეული პირისათვის ან პირთა წრისათვის გარკვეული მოქმედების განხორციელებისათვის უფლებების მიცემა და ასევე პროცესი აღნიშნული უფლებების შემოწმებისა ამ უფლებების განხორციელების დროს. აუთენტიფიკაცია არ უნდა აგვერიოს ავტორიზაციაში, რადგან აუთენტიფიკაცია ეს არის ნამდვილობის დადგენის მხოლოდ პროცედურა. მაგალითად მომხმარებლს მიერ შეყვანილი პაროლის შედარება მონაცემთა ბაზაში არსებულთან. ავტორიზაცია აუცილებელია ზოგიერთ სერვისთან და მონაცემებთან წვდომისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული აუთენტიფიცირებული მომხმარებლისათვის. ოპერაციულ სისტემაში ავტორიზაციის საშუალებით განისაზღვრება წვდომის უფლებები, განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: D: ლიგიკურ დისკზე არსებულ საქაღალდეზე შევზღუდოთ წვდომა ერთ–ერთი მომხმარებლისათვის. თაგვის მარჯვენა ღილაკით გამოტანილ ფაილის თვისებებში გადავიდეთ ჩანართზე sequrity, ამ ფანჯარაში არსებულ edit ღილაკზე დაწკაპუნებით გამოტანილ ფანჯარაში ავირჩიოთ მომხმარებლის დამატება ღილაკით add, ჩავწეროთ სასურველი, უკვე არსებული მომხმარებლის სახელი და დავაწკაპუნოთ ღილაკზე check names, მომხმარებლის მოძებნის შემდეგ დავაწკაპუნოთ ok ღილაკზე. ჩამონათვალში, რომლის დასახელებაცაა allow შეგვიძლია ჩავრთოთ ამ საქაღალდეზე მოქმედების ფუნქციები არჩეული მომხმარებლისათვის, ხოლო იგივე ფუნქციის Deny მხარეს გააქტიურებისას არჩეული ფუნქციის შესრულება აიკრძალება ამ მომხმარებლისათვის. ეს მოქმედებებია: Full Control - სრული კონტროლი, Modify - მოდიფიცირება, Read & execute - წაკითხვა/შესრულება, List folder content - საქაღალდის შიგთავსის გამოტანა, Read - წაკითხვა, write - ჩაწერა, special permissions - სპეციალური უფლებები. დავბლოკოთ ყველა მოქმედება აკრძალვის მხარეს Full Control–ის ჩართვით. ჩავიტვირთოთ ოპერაციულ სისტემაში იმ მომხმარებლით, რომელსაც ავუკრძალეთ ნებისმიერი მოქმედება ამ საქაღალდეზე და ვცადოთ მისი გახსნა, როგორც ხედავთ აღნიშნული საქაღალდის გახსნა აკრძალულია, სხვა მომხმარებელი, რომლისთვისაც არ შეგვიზღუდავს უფლებები საქაღალდეს გახსნის ჩვეულებრივად.

ახალი დამატებული